2020 წლის სამი კვარტლის მაჩვენებლებით საჰარო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 25.38%-ითა შემცირებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2020 წლის 9 თვის განმავლობაში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 13 811,056 ტონა შეადგინა, რაც 4 696,63 ტონით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
რაც შეეხება 2020 წლის იანვარ-სექტემბრის შედარებას 2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, კლება 26,88%-ის დონეზეა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის ცხრა თვეში სატვირთო გადაზიდვებმა 18 507,686 ტონა, ხოლო 2018 წლის იანვარ-სექტემბერში კი 18 887,767 ტონა შეადგინა.
ცნობისათვის საქართველოში ტვირთებს ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება. ქვეყანაში კი საჰაერო გზით ტვირთების გადაადგილება სატვირთოს გარდა სამგზავრო რეისებითაც ხორციელდებოდა. თუმცა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების ფარგლებში საქართველო რეგულარული ფრენებისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში დახურული იყო. ამ დროისათვის ქვეყანა რეგულარული ფრენებისთვის ეტაპობრივად იხსნება, რაც სამომავლოდ საჰაერო გზით ტვირთბრუნვაზეც დადებითად უნდა აისახოს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 81.23%-იანი კლებაა, რაც პირდაპირ COVID-19-ის პანდემიას და მის გამო მსოფლიოსა და საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. საქართველოს აეროპორტები 2020 წლის იანვარ-სექტემბერში რეგულარული და არარეგულარული რეისებით სულ 777 ათას 53 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 მლნ 139 ათას 955 მგზავრს, შესაბამისად კლება 81,23%-ის დონეზე დაფიქსირდა, 2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით კი კლება 80,22%-ია.
თუმცა COVID კრიზისისა და რეგულარული რეისების შეზღუდვის ფონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სატვირთო რეისების მიღება და მომსახურება არ შეუწყვეტია.