2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 2,49%-ით შემცირდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 10 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 14 226,592ტონა შეადგინა, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 14 589,962 ტონა.
შესაბამისად კლება 2,49%-ია.
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 31,30%-ია. 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში აეროპორტი 20 707,979 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2020 წლის იანვარ-ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა16 121,122 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 11,75%-იანი კლება დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.