2022 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ავიაკომპანია Geo Sky-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წლის 6 თვის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 277 სატვირთო რეისი შეასრულა.
შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ახალი ქართული სატვირთო კომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 230 რეისი განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიამ ოპერირება თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყო.
შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული სატვირთო ავიაკომპანია Myway Airlines-ი, რომელმაც იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 94 რეისი განახორციელა.
რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა, რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე იანვარ-ივნისში 52 რეისს მოემსახურა.
განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზეა უნგრული სატვირთო ავიაკომპანია Fleet Air International-ი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით იანვარ-ივნისში ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 50 სატვირთო რეისი განახორციელა.
საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.