ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტის მე-2 ტერმინალი რეკონსტრუქციის შემდეგ მუშაობას 27 მაისიდან განაახლებს. მოდერნიზებული ობიექტი ძირითადად რეგიონულ რეისებს მოემსახურება და 15 ავიაკომპანიის ბაზა გახდება. მოსალოდნელია, რომ ტერმინალში ისეთი გადამზიდავები იმუშავებენ, როგორიცაა Hong Kong Airlines, HK Express და Greater Bay Airlines.
ტერმინალის მოდერნიზაცია 2016 წელს დაწყებული მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომლის ღირებულებაც 18,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა მესამე ასაფრენი ბილიკი და გასულ წელს გაიხსნა ახალი სამგზავრო დარბაზი. ჰონგ-კონგის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მინისტრის, მეიბლ ჩანის განცხადებით, პირველი და მეორე ტერმინალები ერთმანეთს შეავსებენ და მნიშვნელოვნად გაზრდიან აეროპორტის გამტარუნარიანობას.
აეროპორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ფრედ ლამ ტინ-ფუკის თქმით, განახლებული ტერმინალი გაცილებით დინამიკური, თანამედროვე და ტექნოლოგიური იქნება. სივრცეში დანერგილია თვითმომსახურების ახალი ზონები და მრავალფეროვანი „ჭკვიანი“ ტექნოლოგიები, რაც მგზავრებისთვის გადაადგილებასა და რეგისტრაციას გაამარტივებს. გარდა ტექნოლოგიური სიახლეებისა, ტერმინალი მომხმარებელს კვების ობიექტების ფართო არჩევანსაც შესთავაზებს.












