ლონდონის ჰითროუს (Heathrow) აეროპორტმა სითხეების გადატანის წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, რომელიც ძალაში 2026 წლის 23 იანვარს შევიდა. როგორც BBC წერს, 20 წლიანი ლოდინის შემდეგ, ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა სრულად დაასრულა უსაფრთხოების სისტემების განახლება, რაც მგზავრებისთვის დიდ შეღავათს ნიშნავს.
სითხის გადატანის ლიმიტი – 100 მლ-იანი კონტეინერების ნაცვლად, მგზავრებს ახლა შეუძლიათ ხელბარგით 2 ლიტრამდე მოცულობის სითხე გადაიტანონ. ასევე, სითხეების გამჭვირვალე პლასტიკურ პარკებში მოთავსება აღარ არის საჭირო.
ამისათვის კი აეროპორტმა დაამონტაჟა ახალი CT (კომპიუტერული ტომოგრაფიის) სკანერები, რომლებიც ჩანთის შიგთავსის მაღალი რეზოლუციის 3D გამოსახულებას ქმნიან.
ასევე უსაფრთხოების კონტროლისას ლეპტოპებისა და პლანშეტების ჩანთიდან ამოღება უსაფრთხოების შემოწმებისას აღარ არის სავალდებულო.
ეს წესი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰითროუს აეროპორტიდან მიფრინავთ. თუ თქვენს დანიშნულების აეროპორტში (მაგალითად, საქართველოში ან სხვა ქვეყანაში) ჯერ კიდევ ძველი წესებია, უკან გამოფრენისას კვლავ 100 მლ-იანი ლიმიტი დაგხვდებათ.
მრავალჯერადი გამოყენების ლითონის ბოთლები სკანირებისას ცარიელი უნდა იყოს, თუმცა მათი შევსება შემოწმების გავლის შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ.
აეროპორტის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ეს ცვლილება წელიწადში 16 მილიონამდე ერთჯერადი პლასტიკური პარკის გამოყენებას აარიდებს თავიდან.
ჰითროუ გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი, რომელმაც ეს ტექნოლოგია ყველა ტერმინალში (T2, T3, T4 და T5) სრულად დანერგა.












