ავიაკომპანია „T’way Air“-ი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „T’way Air“-ი სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განხორციელებას გეგმავს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კერძოდ 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით Airbus A330-ის და Boeing B777-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. სულ, ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რვა ავიარეისის განხორციელება იგეგმება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის, გივი დავითაშვილის შეფასებით, საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის სეზონური ფრენების მატება და საავიაციო სფეროში ურთიერთოების გაღრმავება მიუთითებს, რომ დაინტერესება ამ მიმართულებით მზარდია და არსებობს ხელსაყრელი ნიადაგი რეგულარული ფრენების დასაწყებად.

„საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლა ეტაპობრივად იზრდება. 2024-25 წლებში ორ ქვეყანას შორის ჩარტერულ ფრენებს ავისკომპანია “კორეან ეარი” ასრულებდა, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ახალი კორეული ავიაკომპანია “თი-ვეი ეარი” შეასრულებს ჩარტერულ ფრენებს უფრო მეტი სიხშირით, ვიდრე გასულ წლებში.

აქვე, აღსანიშნავია რომ 2024 წელს ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც, მხარეების მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ რეგულარული რეისები კვირაში 7 სიხშირით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის სეზონური ფრენების მზარდი დინამიკა მომავალში რეგულარული რეისების დაწყების საფუძველი გახდება“. – განაცხადა გივი დავითაშვილმა.

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონური არარეგულარული რეისები 2024-2025 წლების განმავლობაში შესრულდა კორეული ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ. 2024 წელს, ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 1077 მგზავრი, ხოლო 2025 წელს – 2233 მგზავრი.