1-ლი ივნისიდან, ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია Gulf Air-ი ბაჰრეინი-თბილისი-ბაჰრეინის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას იწყებს.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, COVID-პანდემიის გამო იძულებითი 1 წლიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს კვირაში 4 სიხშირით უბრუნდება.

ზაფხულის სეზონზე ფრენები ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

ცნობისათვის, Gulf Air-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2017 წელს დაიწყო. Gulf Air-ი მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 60-მდე საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს.

ბაჰრეინის სამეფოში ჩასულმა ყველა მგზავრმა უნდა გაიკეთოს სამი PCR ტესტი საკუთარი სახსრებით. სამივე ტესტის ღირებულება შეადგენს 36 ბაჰრეინულ დინარს (95.47 აშშ დოლარი). პირველი ტესტი კეთდება აეროპორტში ჩაფრენისას, მეორე – ქვეყანაში შესვლის მეხუთე დღეს, ხოლო მესამე და საბოლოო ტესტი – მეათე დღეს. ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებელია 10-დღიანი თვითიზოლაცია. ტესტირება არ უტარდებათ ტრანზიტულ მგზავრებს და 6 წლამდე ასაკის ბავშვებს. 

ქვეყანაში დაწესებულია ვაქცინირებული ტურისტის ე.წ. „ციფრული პასპორტი“, რომელშიც მითითებულია სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა და ის პრეპარატი, რომლითაც ვაქცინირებულია აღნიშნული პირი. მონაცემები იტვირთება “BeAware” ელექტრონულ აპლიკაციაში.