ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ფრანგული Groupe ADP-ის წევრ „ტავ ჯორჯიას“-ს მიერ შეთანხმების გაფორმების ღონისძიებაში, რომლის თანახმად კომპანია 2031 წლის ბოლომდე გააგრძელებს ოპერირებას.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გაფორმებული შეთანხმებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება – ფრანგული სახელმწიფო კომპანია – Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, ხუთი წლით გააგრძელებს.

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო ავიაციის სექტორის წვლილსა და მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში.

„ავიაციის სექტორს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ტრანსპორტის და ლოჯისტიკის, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში. წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების გამორჩეულ პრიორიტეტს წარმოადგენს აღნიშნული ინდუსტრიის გაძლიერება, საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი პირდაპირი ფრენების უზრუნველყოფა. ავიაციის სექტორს უდიდესი პოტენციალი გააჩნია, შესაბამისად, ჩვენ თანმიმდევრულად განვაგრძობთ სექტორის პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ჯორჯია“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და „ტავ ჯორჯია“-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, Groupe ADP-ის თავმჯდომარე და გენერალურმა დირექტორმა ფილიპე პასკალმა, TAV Airports-ის პრეზიდენტმა სერქან კაპტანმა და სხვა – სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის თანმიმდევრულმა და ეფექტურმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და დღეს ქვეყანა მორიგ წარმატებასა და რეკორდულ შედეგებს აღნიშნავს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიაში. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, საქართველოში ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ხუთი საკვანძო მიმართულებით – ავიაკომპანიების, პირდაპირი მიმართულებების, ფრენის სიხშირეების, მგზავრთანაკადისა და ტურისტული ვიზიტების კუთხით. ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან დღესდღეობით 77 ავიაკომპანია, 125 პირდაპირი მიმართულებით ასრულებს ფრენებს.

„პირდაპირი ფრენების მატებამ, განაპირობა ისტორიული შედეგი – სამივე საერთაშორისო აეროპორტი 8,5 მლნ მგზავრსა და 37,000-ზე მეტ რეისს მოემსახურა. ეს 2024 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 14%-იან და რეისების 16%-იან ზრდას წარმოადგენს. ავიაციის სექტორის განვითარება კი, პირდაპირპროპორციულად ისახება ტურიზმის სექტორის მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებაზე – 2025 წლის ტურიზმის სექტორში უპრეცენდენტო წარმატებას მივაღწიეთ – ჩვენმა ქვეყანამ 5 მილიონ 500 ათას-ზე მეტ ტურისტულ ვიზიტს უმასპინძლა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.