მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე, TAV Airports-მა საქართველოს მთავრობასთან გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თბილისის აეროპორტის ტერმინალის წლიური გამტარუნარიანობა გაიზრდება 10 მილიონ მგზავრამდე. კომპანია 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, კონცესიის ვადა კი 2031 წლის ბოლომდე გახანგრძლივდება.
ფრანგული საავიაციო ჯგუფის, Groupe ADP-ის წევრმა TAV Airports-მა სახელმწიფო კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან (UAG) შეთანხმება გააფორმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის აეროპორტის განვითარების მომდევნო ეტაპის განხორციელებისთვის კომპანია 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. შეთანხმება მოიცავს კონცესიის ვადის გაგრძელებას და ყოვლისმომცველ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდას და ოპერაციული ეფექტიანობისა და მგზავრთა საერთო გამოცდილების გაუმჯობესებას.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, Groupe ADP-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ფილიპე პასკალი, TAV Airports-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.
“საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი კომპანიის ისტორიაში, რადგან ამ ქვეყანაში შემოსვლა იყო ჩვენი პირველი ნაბიჯი გლობალურ ბრენდად ქცევისკენ. ბოლო 20 წლის განმავლობაში, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ შევძელით რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონულ ჰაბად გვექცია. ამ დროის განმავლობაში წლიური მგზავრთნაკადი თითქმის გაათმაგდა და 540 000-დან 5.4 მილიონზე მეტ მგზავრამდე გაიზარდა. დღეს ამ აეროპორტიდან 63 ავიაკომპანია 71 მიმართულებით დაფრინავს და საქართველოს აკავშირებს დანარჩენ მსოფლიოსთან. გარდა ამისა, თბილისის აეროპორტი რეგიონში წამყვან პოზიციას იკავებს მგზავრთა კმაყოფილებისა და მდგრადობის კუთხით. დღემდე საქართველოში 230 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გვაქვს ინვესტირებული და ახალი ინვესტიციის შედეგად თბილისი რეგიონული ჰაბის პოზიციას კიდევ უფრო გაიმყარებს. ვამაყობთ მიღწეული შედეგებით და მზად ვართ, მომავალშიც მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საქართველოს წინსვლაში. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ნდობისა და უწყვეტი მხარდაჭერისთვის, ჩვენს პარტნიორებს – თანამშრომლობისთვის, ხოლო ჩვენს თანამშრომლებს – მგზავრებისთვის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფისთვის.“- აცხადებს TAV Airports-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი.
გამტარუნარიანობის ზრდა 10 მილიონ მგზავრამდე
2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წლიურმა მგზავრთაკადმა 5.4 მილიონ მგზავრს გადააჭარბა, რაც გასულ წელთან შედარებით 13.7%-იან ზრდას წარმოადგენს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვა TAV Airports-მა გადაიბარა, წლიური მგზავრთნაკადის ზრდამ საშუალოდ 12.6% შეადგინა. 2025 წელს Skytrax-მა თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის დაასახელა.
დაგეგმილი პროექტის განხორციელების შედეგად, არსებული ტერმინალის 37 500 მ2 ფართობს კიდევ 19 500 მ2 დაემატება. ხიდების რაოდენობა გაორმაგდება და ათამდე გაიზრდება, მოეწყობა საჰაერო ხომალდების 7 ახალი დისტანციური სადგომი. ტერმინალში დაემატება 10 სარეგისტრაციო დახლი, საპასპორტო კონტროლის 24 პუნქტი და ორი საბარგო კარუსელი. არსებული ზონები განახლდება და შეიქმნება ახალი კომერციული სივრცეები მგზავრთა გამოცდილების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად – განსაკუთრებული აქცენტით ქართული სამზარეულოსა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოჩენაზე. გაიზარდება ტერმინალის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომის გამტარუნარიანობაც და დამატებით 500 ავტომობილს დაიტევს.
პროექტის დასრულება დაგეგმილია 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.
კონცესიის ვადის გაგრძელება
TAV Airports-ი საქართველოში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის მოქმედი კონცესიის ხელშეკრულება 2027 წლის იანვარში იწურებოდა, თუმცა დღევანდელი შეთანხმების საფუძველზე TAV Airports-ს თბილისში კონცესიის ვადა 2031 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა.
TAV Airports-ის შესახებ
TAV Airports-ი აეროპორტების ოპერირების ყველა მიმართულებით ინტეგრირებულ სერვისებს უზრუნველყოფს და გლობალურად წარმოდგენილია 30-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტ აეროპორტში. 2025 წელს TAV Airports-ი საკუთარი პორტფელის ფარგლებში 113 მილიონ მგზავრს მოემსახურა. Groupe ADP-ის წევრი TAV Airports-ი გლობალურად აეროპორტების მართვის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმის ნაწილია. შვილობილი კომპანიების მეშვეობით ის უზრუნველჰყოფს აეროპორტების მომსახურებას სხვადასხვა სფეროში. მათ შორის: Dutty Free ვაჭრობა, კვება, სახმელეთო მომსახურება (ground handling), IT სერვისები, კერძო უსაფრთხოება და კომერციული სივრცეების მართვა. კომპანია წარმოდგენილია სტამბოლის საფონდო ბირჟაზე.












