Google – ის პლატფორმაზე საქართველო 24 ქალაქით იქნება წარმოდგენილი. მასზე დატანილი იქნება ქალაქები კონკრეტული ხედებით, ქუჩებით, საკვები და სასტუმრო ობიექტებით, მაღაზიებით. ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე აღნიშნულ პლატფორმაზე დაათვალიერონ ქალაქები და ისე დაგეგმონ მოგზაურობა,“ – ასე შეაფასა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოში Google Street View – ის პროექტის ოფიციალურად დაწყება, რომელიც კორპორაცია Google – თან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, გუგლის სპეციალური გადამღები ჯგუფები 2025 წლის მარტიდან, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საქართველოს 24 ქალაქში 360 გრადუსიან პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებენ. იგეგმება 15,000 კილომეტრის დაფარვა, მათ შორის ისეთი ქალაქების, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, მესტია და სხვა, ძირითადი ფოკუსირებით გზებსა და მაგისტრალებზე. საქართველოს ქალაქების 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების გამოქვეყნება 2026 წელს დაიწყება, რაც გააუმჯობესებს ნავიგაციას და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.
მაია ომიაძის თქმით, აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის გაზრდისთვის. „Google Street View – ი არის დამატებითი ციფრული ხელსაწყო ტურისტებისთვის, რომლითაც ისინი საქართველოში მოგზაურობის სწორად დაგეგმვას შეძლებენ,“ – აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.