საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა ავიაკომპანია Ryanair Holdings Plc-ის რეიტინგი “ყიდვიდან” “ნეიტრალურამდე” შეამცირა. ანალიტიკოსების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ზაფხულის სეზონზე ფასების შესუსტებამ, მზარდმა ხარჯებმა და სამომავლო მოთხოვნის უფრო ფრთხილმა პროგნოზებმა განაპირობა.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა Ryanair-ის აქციების 12-თვიანი სამიზნე ფასი 29,50 ევროდან 27,50 ევრომდე დაწიეს, რაც აქციების დღევანდელ ფასთან შედარებით (24,04 ევრო) 14,4%-იან პოტენციურ ზრდას გულისხმობს.

საინვესტიციო კომპანიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ის ფაქტორები, რომლებიც აქამდე Ryanair-ის მიმართ ოპტიმისტურ განწყობას ქმნიდა (მოგების პროგნოზის ზრდა და საკუთრების შეზღუდვების მოხსნა), ამ ეტაპზე უკვე დიდწილად ასახულია.

Goldman Sachs-ის პროგნოზით, Ryanair-ის წმინდა მოგება სექტემბრის კვარტალში 1,63 მილიარდ ევროს მიაღწევს, რაც კონსენსუს-პროგნოზზე (1,7 მილიარდი ევრო) ნაკლებია. 2027 საფინანსო წლისთვის კი მოგების შეფასება 4%-ით, 2,3 მილიარდ ევრომდე შემცირდა, რაც კონსენსუს-პროგნოზზე 3-4%-ით ნაკლებია. ამის მიზეზად დასახელდა ტარიფების შესუსტება და მიწოდება-მოთხოვნის თანაფარდობის ცვლილება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ავიაკომპანია ბოლო დროს სულ უფრო მეტად განიცდის ე.წ. მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) მზარდ ხარჯებს, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს მოგებაზე. მიუხედავად იმისა, რომ Ryanair-ი ევროპაში მუდმივად სარგებლობდა შეზღუდული სიმძლავრეების უპირატესობით, Goldman Sachs-ი აფრთხილებს, რომ ეს ბალანსი იცვლება.

მიუხედავად რეიტინგის შემცირებისა, ანალიტიკოსები გრძელვადიან პერსპექტივაში კვლავ პოზიტიურად არიან განწყობილნი. ისინი ვარაუდობენ, რომ Ryanair-ი გააგრძელებს ბაზრის წილის ზრდას დაბალი ხარჯების უპირატესობის წყალობით და მგზავრთა რაოდენობა 2030 წლისთვის დაახლოებით 20%-ით, ხოლო 2033 წლისთვის 40%-ით გაიზრდება.