მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც თითქმის 1000 მოგზაურობის მენეჯერი და მომსახურების მიმწოდებელი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ 2025 წელს საქმიანი მოგზაურობის მიმართ ოპტიმიზმი შემცირდა, რაც აშშ-ის მთავრობის ქმედებებს უკავშირდება. ტრამპის ადმინისტრაციამ შემოიღო ახალი ტარიფები, სასაზღვრო წესები და შესვლის შეზღუდვები გარკვეული ქვეყნებიდან მოგზაურთათვის.
შემოსავლების შემცირების მოლოდინი: გამოკითხული მომწოდებლების თითქმის ნახევარი (48%) საქმიანი მოგზაურობის შემოსავლის საშუალოდ 17%-იან შემცირებას ელის.
მოგზაურობის შემცირება კომპანიებში: მოგზაურობის დამგეგმავების მესამედი (34%) პროგნოზირებს, რომ წელს მათ კომპანიებში საქმიანი მოგზაურობა შემცირდება აშშ-ის მთავრობის ქმედებების გამო, განსაკუთრებით საერთაშორისო მიმართულებებზე.
ოპტიმიზმის კლება: ინდუსტრიაში ოპტიმიზმი მიმდინარე წლის აპრილში არსებული 31%-დან 28%-მდე შემცირდა, ხოლო გასული წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 67%-ს შეადგენდა. კლება განსაკუთრებით შესამჩნევია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც დადებითი მოლოდინები აპრილში არსებული 40%-დან 27%-მდე შემცირდა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოგზაურობის მენეჯერები სულ უფრო მეტად ზრუნავენ უსაფრთხოებაზე, ბიუჯეტსა და თანამშრომლების მზაობაზე საქმიანი ვიზიტებისთვის. საქმიანი ვიზიტების მაღალი ხარჯები და ადმინისტრაციული ტვირთი კვლავ რჩება მთავარ გრძელვადიან საზრუნავად, რასაც რესპონდენტთა 55% და 47% შესაბამისად ასახელებს.
აშშ-ის მთავრობის პოლიტიკის ცვლილებების საპასუხოდ, აშშ-ის რესპონდენტთა 35%-მაგანაცხადა, რომ მათი ორგანიზაციები ქვეყნის გარეთ ახალ პარტნიორებს ან მომწოდებლებს ეძებენ. კომპანიების ძირითადი მიმართულებები იყო ევროპა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, რომლებიც რესპონდენტთა 70%-მა და 53%-მა შესაბამისად აირჩია.
მსოფლიოში მოგზაურობის მყიდველთა ხუთიდან ერთი (18%) აცხადებს, რომ მათი კომპანიების თანამშრომლებმა შეწყვიტეს აშშ-ში მოგზაურობა. გარდა ამისა, გლობალური მოგზაურობის მყიდველთა მესამედზე მეტი (35%) ახლა პირადად იცნობს ადამიანს, რომლის მოგზაურობაზეცგავლენა მოახდინა ამ პოლიტიკის ცვლილებებმა, აპრილში ეს მაჩვენებელი 23%-ს შეადგენდა.












