გლობალური საჰაერო მოგზაურობა პანდემიამდელ დონეს 2023 წელს ჩინეთის წყალობით დაუბრუნდება. როგორც Financial Times-ი თვითმფრინავების გაქირავების მსხვილ კომპანია Avolon-ზე დაყრდნობით წერს, ჩინეთის მიერ საერთაშორისო ფრენების განახლება ხელს შეუწყობს გლობალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენას პანდემიამდელ დონეზე 2023 წლის შუა რიცხვებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი თვითმფრინავების დეფიციტი კვლავ აფერხებს ინდუსტრიის აღდგენას, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე წელს პანდემიამდელ დონეზე გასვლა შესაძლებელია.
კომპანიამ აღნიშნა, რომ 2022 წელს სამგზავრო მიმოსვლის 70%-იანი აღდგენის შემდეგ, რაც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის წყალობით მოხდა, 2023 წელს აღდგენის სტიმულატორი უკვე აზია იქნება.
Avolon-ის ექსპერტების წინა პროგნოზით კი დონეზე სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების 2019 წლის დონეზე აღდგენა 2024 წლამდე არ მოხდებოდა. ამასთან, ჩინეთის ბოლო გადაწყვეტილება საზღვრების გახსნის შესახებ განიხილება, როგორც საბოლოო ნაბიჯი, რომელიც საჭიროა სამგზავრო მიმოსვლის სრულად აღდგენისთვის.
აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ფრენების დაჯავშნის რაოდენობის ზრდა, თუმცა ისინი პანდემიამდე მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია.
საერთაშორისო ფრენებზე ჯავშნები 26 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში წინა წელთან შედარებით 192%-ით გაიზარდა. თუმცა, ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ 85%-ით დაბალია პანდემიამდელ დონეზე