სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) დიპლომატიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიზანს, რომელიც პარიზში გაიმართა, სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ბიუროს შესახებ კონვენციის საბოლოო ტექსტის შემუშავება წარმოადგენდა.
ECAC-ის ბიუროს სადამფუძნებლო კონვენციის საბოლოო ტექსტს ორგანიზაციის ოცდაშვიდმა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. საქართველოს სახელით დოკუმენტს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა მოაწერა ხელი. ECAC-ის წევრი სახელმწიფოებისთვის კონვენციის ხელმოწერა შესაძლებელი გახდება მიმდინარე წლიდან.
ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენცია (ECAC) დაარსდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და ევროპის საბჭოს მიერ 1955 წელს. ECAC ამჟამად 44 წევრ სახელმწიფოს ითვლის, მათ შორის არიან ევროკავშირის და EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნები. საქართველო ECAC-ში 2005 წელს იქნა მიღებული. დღესდღეობით ის ფუნქციონირებს, როგორც სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის პლატფორმა, რომლის მიზანია წევრ სახელმწიფოებს შორის სამოქალაქო ავიაციის პოლიტიკისა და პრაქტიკის ჰარმონიზაცია ისეთი მიმართულებებით როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება, საავიაციო უშიშროება და გარემოს დაცვა.
სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ბიუროს შესახებ კონვენციის მიღებით ECAC-ის სამდივნო შეიძენს საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსს, რაც გააძლიერებს მის უფლებამოსილებასა და ინსტიტუციონალურ შესაძლებლობებს.