“გუშინ ხელი მოეწერა „ვიზეართან” შეთანხმებას ახალ ფრენებთან დაკავშირებით. ავიაკომპანია 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდით დაიწყებს რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიასთან, დანიის სამეფოსთან და ესტონეთთან საქართველოს აქამდე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ ჰქონია,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შესაბამისი შეთანხმება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას „ვიზეარის” შორის გუშინ, 31 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაფორმდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ავია რეისებიდან გამომდინარე გაიზრდება იმ ქვეყნების გეოგრაფია, საიდანაც საქართველოში ტურისტები შემოდიან. „ეს სიახლე ჩვენ მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ სამიზნე ბაზრებიდან, საიდანაც ჩამოდიან მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტები, რაც ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტული,” – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
საქართველოს მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, „ვიზეარმა” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დამატებიდან ზუსტად 8 თვეში, მესამე თვითმფრინავი და 6 ახალი მიმართულება დაამატა. შეიქმნება 30 ზე მეტი სამუშაო ადგილი და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. საქართველოში ოპერირება უნგრულმა ავიაკომპანიამ 2012 წელს დაიწყო. 7-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის მანძილზე ავიაკომპანიამ საქართველოში 202 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა და 250 ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა.