HUB Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც  უახლოეს პერიოდში, რუსეთ-საქართველოს შორის, ავიამომოსვლის აღდგენა დასაშვებად მიიჩნია.
გიორგი კოდუა საქართველოს მთავრობას ურჩევს, რომ  მოახდინოს ქართული ბაზრის დივერსიფიცირება.

„ამ განცხადებით გამოვლინდა რუსეთის იმპერიის ზრახვები, ის იყენებს ყველა საჭირო ხერხსა და ინსტრუმენტს, რათა მოახდინოს ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური ექსპანსია. სახეზეა მცდელობა, ტყუილებით აიხსნას და შეიფუთოს ვლადიმერ პუტინის მიერ, 20 ივნისს მომხდარი მოვლენების საპასუხოდ, გაკეთებული განცხადება რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ.
იქმნება ილუზია, რომ რუსეთი ზრუნავს ქართველ ხალხზე, თითქოს ეს ქმედება ჩვენთვის არის კარგი.
მივმართავ სერგეი ლავროვს, იფიქრეთ საკუთარ მოსახლეობაზე. თბილისის მიმართულება არ არის დანიშნულების მხოლოდ ერთი წერტილი, ის ასევე არის ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი პუნქტი. ამ შემთხვევაში ეკონომიკური აქტივობით გამოწვეულ ბენეფიტს იღებს არა მხოლოდ ერთი, არამედ ორივე მხარე. უკეთესი იქნება, თუ რუსეთის სახელმწიფო ორიენტირებული იქნება საკუთარი მოსახლეობის ინტერესების განხორციელებაზე.
ჩვენს მთავრობას კი მივმართავ, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი რუსული აგრესიული ქმედებისა. იგი იყენებს ყველანაირ ეკონომიკურ ხერხს, რათა გადავიდეთ რუსულ ორბიტაზე, ჩაგვითრიოს ჭაობში ისევე, როგორც მრავალი სხვა ერი, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ რუსეთისგან თავის დაღწევას. 30 წლის წინ, პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, სახელმწიფო ვალდებული იყო და არის, მოიპოვოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა და მოადინოს მოსახლეობის დამოუკიდებელი პოლიტიკური და ეკონომიკური მართვა.
საქართველოს მთავრობას ვურჩევ, აუცილებლად მოახდინონ ქართული ბაზრის დივერსიფიცირება. ნათელია, რომ რუსეთის ბაზარი არასტაბილურია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვიხილეთ 2006 წლის ემბარგო, 2008 წელს ომი. დღესაც, ანალოგიურად, სახეზეა რუსეთის მცდელობა, მიაყენოს დარტყმა საქართველოს ეკონომიკას.
საქართველო უნდა გახდეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, უნდა მოხდეს ისეთი მეგაპროექტების განხორციელება, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა. აგრეთვე, რკინიგზისა და ავიაციის ძირეული რეფორმა და განვითარება.
საქართველოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს HUB-ად კავკასიის რეგიონში, განახორციელოს სხვა მრავალი დიდი პროექტი. ამ ყველაფრის გარეშე, ჩვენი სახელმწიფო აუცილებლად იქნება დამოკიდებული მეზობელი მტრის არასტაბილურ ბაზარზე”, აღნიშნულია გიორგი კოდუას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, შესაძლებელია აღდგეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, რომელიც მოსკოვმა ივლისში შეწყვიტა.

„მე ამ რეისებს ალბათ აღვადგენდი. ვფიქრობ, ეს სწორი იქნებოდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გააცნობიერა იმ გამოხდომის კონტრპროდუქტიული და პროვოკაციული ხასიათი, რომელიც მოხდა საქართველოს პარლამენტში, როცა იქ იმართებოდა მართმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა“, განმარტა ლავროვმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავდა. „ეს არ იყო იოლი. ამის მომზადების პროცესი ცნობილი მიზეზების გამო რთული იყო. მაგრამ საბოლოო ჯამში ვლადიმირ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამაზე წავალთ, რათა ხალხები ურთიერთობდნენ, გაჩნდეს კონტაქტები, განვითარდეს ტურიზმი. ამ ივნისის გამოხდომამ, რა თქმა უნდა, მთელი პროცესი უკან დახია,“ თქვა ლავროვმა.