საქართველოში ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ჰენრიკ ჰოლოლეის ვიზიტი დაიწყო. პირველი შეხვედრა ევროკომისიის დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორთან, გიორგი ჩოგოვაძესთან გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ავიაციისა და ტურიზმის განვითარების საკითხებს.
გიორგი ჩოგოვაძემ ჰენრიკ ჰოლოლეის ის პროგრესი და განვითარების გეგმები გააცნო, რომლებიც საქართველოს აეროპორტების გამტარუნარიანობის ზრდისა და ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის მიმართულებით არსებობს.
,,ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ საქართველოში ახალი ავიაკომპანიები. რადგან პირდაპირი კავშირი ევროპასთან ნიშნავს მგზავრთნაკადის მნიშვნელოვნად ზრდას, რაც როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე პოლიტიკური მიზნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,-‘’აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის განცხადებით, გასულ წელს, საქართველოში ავიაციის სფეროში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ჰენრიკ ჰოლოლეიმ აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი აეროპორტია.
,,ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახალ დირექტორთან. ავიაციის მიმართულებით გასული წელი საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მგზავრთნაკადი ქვეყნის აეროპორტებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვითარდება თბილისის აეროპორტი. აქტიური სამუშაოები მიდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის, რომელიც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი აეროპორტია და მგავრთნაკადის საგრძნობი ზრდა ფიქსირდება. ვისაუბრეთ, ასევე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვაზე. რადგან სწორედ აეროპორტები იზიდავენ ავიაკომპანიებს და საშუალებას აძლევენ მგზავრებს იმოგზაურონ სხვადახვა ქვეყნებში. რაც თავის მხრივ საქარველოში მეტი ტურისტის მოზიდვის საშუალებას იძლევა“,-‘’განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.
საქართველოში ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ჰენრიკ ჰოლოლეის სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასა და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან.