საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე განმარტავს, რომ ავიარეისების ხელშეწყობა არა მხოლოდ რუსეთის სატრანზიტო მიმართულებით, არამედ ლონდონიდან და ბრიუსელიდან ხდება.

„როგორც იცით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი და ჩვენი ეკონომიკისთვის მოულოდნელი დარტყმა იყო რუსეთთან ავიამიმოსვლის შეჩერება. ამან დააზარალა, როგორც ტურისტული ბიზნესი, ასევე საავიაციო ბიზნესიც. მთავრობამ სწრაფად მოახდინა რეაგირება, შეხვდა მოსახლეობას და მოისმინა მათი მოსაზრებები, ასევე შეიმუშავა სტიმულირების პაკეტი. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხორციელდება სუბსიდირება, არასწორია. ჩვენ უზრუნველვყავით მარკეტინგული მხარდაჭერის სტიმულირების პაკეტი, რომლის გამოყენებაცაა გაწერილი მთავრობის დადგენილებაში”, – აღნიშნავს ჩოგოვაძე.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი შენარჩუნდეს.

„ერევნის ხაზი მნიშვნელოვანია იმ ქართველებისთვისაც, ვინც რუსეთში ცხოვრობს და გაურთულდა მიმოსვლა საქართველოში. ჯერჯერობით სტიმულირების პაკეტის გამოყენებაზე ხელშეკრულება გაფორმებული არ არის არც ერთ კომპანიასთან, წინადადებების მისაღებად კი, ჩვენ მზად ვართ. ასევე, ამ თემის კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს თანმიმდევრულად ევროპულ დაბალბიუჯეტიან კომპანიებთანაც, ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პროცესი მალე დასრულდება ორმხრივი შეთანხმებით. ვფიქრობ, შექმნილ ვითარებაში კერძო სექტორისთვის სასიხარულო იქნება მთავრობის ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგები”, – აღნიშნავს ჩოგოვაძე, რომლის კომენტარი საქართველოს პირველ არხს აეროპორტების გაერთიანებამ მიაწოდა.

მთავრობის დადგენილებით, იგეგმება 600 ათას ევრომდე თანხის მიმართვა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის ავიარეისების ხელშეწყობაზე. 600-600 ათას ევრომდე დაიხარჯება ლონდონი-თბილისისა და ბრიუსელი-თბილისის რეისების ხელშეწყობაზე.

წყარო: 1tv.ge