საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. მიმდინარე წლის 1 მაისიდან, გერმანული Condor-ი რეგულარულ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრანკფურტი – თბილისი – ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ფრენები 28 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Condor-ს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიანიჭა.
1955 წელს დაფუძნებული ავიაკომპანია Condor-ი დღეისათვის მსოფლიოს 90-მდე მიმართულებით ოპერირებს. გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული გადამყვანის ავიაპარკი 50-ზე მეტ საჰაერო ხომალდს ითვლის.