გერმანიის უმსხვილესმა ჩარტერულმა ავიაკომპანია Condor-მა ფლოტიდან ბოლო ამერიკული თვითმფრინავი გაიყვანა და მთლიანად ევროპული Airbus-ის ავიალაინერების გამოყენებაზე გადავიდა.
2025 წლის ნოემბრის დასაწყისამდე, Condor-ის პარკში რჩებოდა ამერიკული წარმოების Boeing 757-ები. ეს ვიწროფიუზელაჟიანი ავიალაინერები გერმანული კომპანიის მიერ 35 წლის განმავლობაში – 1990 წლიდან – გამოიყენებოდა. თხელი და გრძელი ფიუზელაჟის გამო, მათ მეტსახელად „მფრინავი ფანქრები“ (flying pencils) შეარქვეს.
ჯერ კიდევ 2024 წელს, Condor-მა უარი თქვა მოძველებული, განიერფიუზელაჟიანი ამერიკული Boeing 767-ების გამოყენებაზე, რაც Airbus-ის თვითმფრინავებისგან შემდგარ უნიფიცირებულ ფლოტზე გადასვლის სტრატეგიის ნაწილი იყო.
Condor-ის სტრატეგია უახლოეს წლებში ფლოტის ეტაპობრივ განახლებას ითვალისწინებს. Boeing 767-ების (საშუალო ასაკი 29 წელი) და Boeing 757-ების (საშუალო ასაკი 24 წელი) ფრენის შეწყვეტა სრულად შეესაბამება ამ გეგმას.
აღსანიშნავია, რომ Condor-ის ფლოტიდან გაყვანილი Boeing 757-ების ნაწილი უკრაინული ავიაკომპანია Skyline Express-ის პარკში აღმოჩნდა. 2023 წელს ავიამიმომსვლელმა Condor-ის მიერ ადრე გამოყენებული ორი Boeing 757 მიიღო. ამჟამად, Skyline Express ამ ავიალაინერებს ევროპის ქალაქებიდან ტურისტების ზღვისპირა კურორტებზე გადასაყვანად იყენებს.












