გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყნის სამთავრობო ავიაპარკი უფრო მეტ დროს „ცარიელ“ ფრენებს უთმობს, ვიდრე მაღალჩინოსნების ტრანსპორტირებას. სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის მაისიდან, როდესაც კანცლერის პოსტი ფრიდრიხ მერცმა დაიკავა, წლის ბოლომდე ბუნდესვერის თვითმფრინავებმა კაბინეტის წევრებისა თუ პრეზიდენტის მონაწილეობით 488 რეისი შეასრულეს, ხოლო მგზავრების გარეშე განხორციელებული ფრენების რაოდენობამ 700-ს მიაღწია.
უწყებაში განმარტავენ, რომ ე.წ. „ცარიელი“ რეისები ხშირად ტექნიკური აუცილებლობითაა გამოწვეული, რადგან თვითმფრინავებს ბაზიდან იმ ქალაქებში გადაფრენა უწევთ, საიდანაც ოფიციალური პირების ვიზიტი იწყება. გარდა ამისა, სამხედრო უწყება ხაზს უსვამს, რომ ასეთი ფრენები პილოტების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვისაც აუცილებელია.
აღნიშნულ ფაქტს მწვავე კრიტიკა მოჰყვა „მემარცხენეების“ პარტიის მხრიდან. დეპუტატ დიტმარ ბარტშის განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა მიუღებელია და მთავრობის წევრებს მოუწოდებს, VIP-რეისების ნაცვლად უფრო ხშირად ისარგებლონ რეგულარული ფრენებით ან რკინიგზით. პოლიტიკოსი ასევე „ძვირადღირებულ შეცდომას“ უწოდებს იმას, რომ სამთავრობო ავიაპარკი კვლავ კიოლნი/ბონის აეროპორტშია ბაზირებული, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის დედაქალაქი უკვე 30 წელზე მეტია ბერლინია, რაც დამატებით უსარგებლო ფრენებს იწვევს.












