2025 წელს გერმანიის ცაზე უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა — განსაკუთრებით აეროპორტების მიმდებარე ტერიტორიებზე. ექსპერტები ამ ტენდენციას უსაფრთხოების მხრივ სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევენ და დრონების საწინააღმდეგო სისტემების გაძლიერებას მოითხოვენ.
გერმანიის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის (DFS) მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში 144 დრონის ფრენა დაფიქსირდა, მათგან 35 ფრანკფურტის აეროპორტის სიახლოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ ხმაურდება, რამდენი ინციდენტი შეიძლება იყოს დაკავშირებული ჯაშუშობასთან, DFS-ში აცხადებენ, რომ დრონების 90% აეროპორტებთან ახლოს დაფიქსირდა — და მათი შესახებ ინფორმაცია უმეტესწილად პილოტებისა და ავიადისპეჩერებისგან შევიდა.
გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი გეგმავს დრონების საწინააღმდეგო მექანიზმების გამკაცრებას. მისი თქმით, აუცილებელია ფედერალურ და რეგიონულ ხელისუფლებებს შორის კომპეტენციების გაერთიანება, უსაფრთხოების ახალი მექანიზმების შემუშავება და პოლიციისა და სამხედროების ძალისხმევის კოორდინირება.
თიურინგიის პოლიციის ცნობით, ხშირად რთულია ჯაშუშური დრონის გარჩევა ჰობისტური მოწყობილობისგან. გამოყენებული თუ არა იყო კონკრეტული დრონი ჯაშუშობისთვის, ამას მხოლოდ გამოძიება ადგენს.
დრონების შეჭრის გამო 22 სექტემბერს დროებით შეაჩერეს ფრენები კოპენჰაგენისა და ოსლოს აეროპორტებში. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა მომხდარი *შესაძლო თავდასხმად* შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსეთის კვალიც არ უნდა გამოირიცხოს.
„რუსული საჰაერო დაზვერვა ყოველდღე გვხვდება — როგორც ზემო, ისე ქვემო სიმაღლეებზე,“ — განაცხადა EuroDefence-ის პრეზიდენტმა, პოლკოვნიკმა რალფ ტილემ.
მისი თქმით, ზემო სივრცე უკავშირდება რეაქტიულ თვითმფრინავებსა და დიდ დრონებს, მაშინ როცა ქვემო სიმაღლეები — ქალაქების მახლობლად არსებულ სტრატეგიულ ობიექტებს, აეროპორტებსა და ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურას მოიცავს.












