ქართული ავიაკომპანია Geosky-ს ეკიპაჟი, რომელიც სუდანში მიმდინარე არეულობის გამო იყო ჩარჩენილი საქართველოში 27 აპრილს დაბრუნდება. ისინი სუდანიდან ეგვიპტეში უკვე ევაკუირებულნი არიან და საქართველოში ხვალ ჩამოვლენ.

„ავიაკომპანია Geosky-ს 20 ეკიპაჟის წევრი, რომლებიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სუდანში, კერძოდ დედაქალაქ ხარტუმში, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე თანამშრომელთა უსაფრთხოებისათვის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა მათი უსაფრთხო დაბრუნება საქართველოში და ავიაკომპანია Geosky-მ, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით მოახდინა მათი მშვიდობიანი ევაკუაცია სახმელეთო გზით ეგვიპტის საზღვრამდე, სადაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი დახვდათ.

სუდანში 15 აპრილს დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დროს, ავიაკომპანიის 20 წევრი იმყოფებოდა დედაქალაქ ხარტუმში. მას შემდეგ ავიაკომპანია Geosky, უწყვეტ რეჟიმში იმყოფებოდა კომუნიკაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მათი დახმარებითა და ჩართულობით ეკიპაჟის წევრები უვნებლები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

როგორც ცნობილია, ავიაკომპანია მზად იყო საკუთარი ბორტით თანამშრომლების და საქართველოს სხვა მოქალაქეების გარდა, უცხო ქვეყნების მოქალაქეების გამოყვანაც უზრუნველეყო. თუმცა სუდანის საჰაერო სივრცეზე NOTAM-ი ვრცელდება, რომლის მიხედვითაც 30 აპრილის ჩათვლით სუდანის ცა საფრთხეების გამო ჩაკეტილია და გამორიცხული არაა, რომ NOTAM-ს ვადა გაუხანგრძლივონ კიდეც.

რაც შეეხება მეორე ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს, რომლის თანამშრომლებიც ასევე სუდანში იყვნენ ჩარჩენილები, უკვე კაიროში იმყოფებიან.

„გვსურს, გაგიზიაროთ ბოლო სიახლეები ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობის შესახებ. დღეს ისინი უკვე იმყოფებიან კაიროში, სადაც დაისვენებენ და შემდეგ მოხდება მათი ჩამოყვანა საქართველოში.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც უზრუნველყო სუდანის საზღვრიდან კაირომდე ჩვენი თანამშრომლების ტრანსპორტირება საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანხლებით.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს კონსულს თურქეთში, ბატონ კონსტანტინე კოტარიას, რომელიც უწყვეტად უკავშირდებოდა ავიაკომპანიის მენეჯმენტს და აწვდიდა ყველა საჭირო ინფორმაციას.

ასევე, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც უშუალოდ ჩართული იყო ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციის პროცესში და ყველა იმ ადამიანს, ვინც თანაუგრძნობდა და მხარს უჭერდა ჩვენს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს“, – აცხადებენ Myway Airlines-ში.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს სუდანში სწრაფი რეაგირების ძალებმა ქვეყანაში ძალაუფლების შეცვლის მიზნით რეგულარულ არმიასთან დაპირისპირება დაიწყეს.

სუდანის სპეცრაზმმა აიღეს დედაქალაქის აეროპორტი ხარტუმში, რის შემდეგაც რამდენიმე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.