2024 წლის 21 ნოემბერს ავიაკომპანია Geosky მიწვეულ იქნა იტალიის დედაქალაქ რომში IATA-ს მიერ ორგანიზებულ 2024 Wings of Change (WOC) Europe ღონისძიებაზე, სადაც ავიაკომპანია IATA-ს წევრობის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
ავიაკომპანიის ხარისხის უზრუნველყოფის დირექტორის დავით ნერსეზაშვილის განცხადებით – ,,ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მიგვიწვიეს IATA-ს წევრობის სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალზე 2024 Wings of Change (WOC) Europe ღონისძიებაზე რომში. ეს მომენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს Geosky-სთვის, როგორც IATA-ს ოჯახის ახალი წევრისთვის.
ჩვენ ვაგრძელებთ უფრო მაღალი მიზნებისაკენ სწრაფვას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ინდუსტრიის ზრდაში.
ვულოცავთ IATA-ს ასეთი ღირსშესანიშნავი ღონისძიების წარმატებულ ორგანიზებას, რომელმაც გააერთიანა ავიაკომპანიები, ავიაციის ლიდერები და სფეროს სხვადასხვა ექსპერტები. მსგავსი ფორმატის კონფერენციები ხელს უწყობს ჩვენი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების დონის განვითარებასა და მომავლის ფორმირებას.”
Geosky განსაკუთრებულ მადლობას უხდის რაფაელ შვარცმანს, ალექს ონაცკის, კარმენ აგილარ გარსია დე ლა კუადრას და IATA-ს მთელს გუნდს გამორჩეული მხარდაჭერისა და ხელმძღვანელობისთვის, მთელი პროცესის განმავლობაში. ასევე, WOC-ის ღონისძიებაზე მოწვეულ დელეგატს, საქაერონავიგაციის (საქართველოს საჰაერო ნავიგაციის სერვისის მიმწოდებელი) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძეს, რომელმაც ასევე მიულოცა ავიაკომპანიას მიღწეული წარმატება.
ავიაკომპანია Geosky მტკიცედ ერთგული რჩება IATA-ს მისიის მიმართ, ყველასთვის უსაფრთხო, მდგრადი და წარმატებული საჰაერო სივრცის უზრუნველსაყოფად.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Geosky-მ 2024 წლის ივნისს (სამგზავრო მიმართულება Georgian Wings) მოიპოვა IOSA-ს (IATA OPERATIONAL SAFETY AUDIT – საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის უსაფრთხოების აუდიტი) წარმატებით დასრულების სერთიფიკატი.