ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი თბილისიდან-ბაქოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას ზრდის.

კომპანიის ცნობით, მარშრუტზე Georgian Wings-ი მგზავრებს ამიერიდან კვირაში 5 სიხშირით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას ფრანგულ-იტალიური წარმოების, 72 მგზავრზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ATR72-500 მოემსახურება.

“Georgian Wings-ი უკვე 1 თვეა ოპერირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ბაქოს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. თავდაპირველად ოპერირება დავიწყეთ კვირაში 3 სიხშირით და აღნიშნულ მარშრუტზე კომერციული გათვლებისა და გეგმების შესაბამისად მოხდა ოპერირების სიხშირის ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად ავიაკომპანიის გეგმა და მოლოდინი სწორი და გამართლებული იყო. ფრენის განრიგი მორგებულია ჩვენი ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ ქვეყნის შიდა ფრენის თბილისი-ბათუმი-თბილსის ფრენის განრიგს, რაც მგზავრს აძლევს დამატებით თბილისის აეროპორტის ტრანზიტულად სარგებლობის შესაძლებლობას და კომფორტულად მოგზაურობის საშუალებას,“ – განმარტავენ კომპანიაში.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტიდან https://georgianwings.com/, ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ სააგენტოებში.

შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-მა პირველი საერთაშორისო რეგულარული ავია რეისი 2023 წლის 5 სექტემბერს განახორციელა და მას შემდეგ რეგულარულად ასრულებს ფრენებს თბილისის შოთა რუსთაველი საერთაშორისო აეროპორტიდან ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით.