საგარეო საქმეთა სამინსტრო 3 აპრილს Georgian Airways-სა და LOT Polish Airlines-ის მიერ დაგეგმილ ავიარეისებზე ავიაბილეთების რეალიზაციასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმიანება და განმარტავს, რომ უწყებამ ავიაკომპანია LOT-გან, რომლის მიერაც სრულად იყო ორგანიზებული ბილეთების გაყიდვის პროცესი, გამოითხოვა 3 აპრილის რეისზე ბილეთების რეალიზაციის მონაცემები.

“LOT Polish Airlines-ის მონაცემებით, დღეს – 1 აპრილს, ავიაკომპანიამ 3 აპრილის ვარშავა-თბილისის რეისზე გასაყიდად გამოიტანა 67 ბილეთი. ბილეთების გაყიდვა დაიწყო ვარშავის დროით 10:00 საათზე. 32 ბილეთი გაიყიდა ვარშავის აეროპორტში მდებარე ავიაკომპანიის სალაროდან, ხოლო დარჩენილი 35 ბილეთი – ონლაინ, ანუ კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით, კომპანიის ინფორმაციით, 20 წუთის განმავლობაში. ბილეთის ფასი იყო 199 ევროს ექვივალენტი პოლონურ ეროვნულ ვალუტაში.

რაც შეეხება დანარჩენ 46 ბილეთს, როგორც ცნობილია, თავდაპირველად, კომპანიამ 3 აპრილის რეისზე ბილეთების ნაწილის გაყიდვა მოახდინა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად – 26 მარტს. (ამ ფაქტის აღმოჩენის შემდგომ, კომპანიას ქართული მხარისგან ეთხოვა დაუყონებლივ შეეწყვიტა ბილეთების რეალიზაცია, რადგან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განრიგით გაწერილ რეისებზე ბილეთების გაყიდვა უნდა მოხდეს ავიარეისამდე 2 დღით ადრე)”, განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რაც შეეხება ბერლინი-თბილისის მიმართულებას, 3 აპრილს დაგეგმილ Georgian Airways-ის ავიარეისზე ბორტი განსაზღვრულია 120 მგზავრით, აქედან, 110 ბილეთის რეალიზაცია კომპანიამ მოახდინა ფრენების შეზღუდვამდე, შესაბამისად, ეს მგზავრები ისარგებლებენ 3 აპრილის რეისით, დარჩენილი 10 ბილეთი კი, გაიყიდა კომპანია Georgian Airways-ის მიერ.

“მხედველობაში ვიღებთ, რომ როგორც პოლონეთის რესპუბლიკაში, ისე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კონცენტრირებულია საქართველოში გამომგზავრების მსურველთა დიდი რაოდენობა. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის გავრცელების გამო საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის ფონზე, ვარშავიდან განხორციელდა ხუთი ორგანიზებული ფრენა, ხოლო ბერლინიდან – ორი ჩარტერული რეისი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Georgian Airways-ის მიერ დაგეგმილ ავიარეისებზე ყოველთვის არის მგზავრთა ნაწილი, რომელსაც დიდი ხნით ადრე, გეგმიურ ფრენებზე აქვს შეძენილი ბილეთები, შესაბამისად, მათი უფლებების დაცვის მიზნით, კომპანია ვერ ახერხებს ბილეთების სრული რაოდენობის ე.წ. თავისუფალ გაყიდვაში გამოტანას”, აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.