ავიაკომპანია Georgian Airways-ს კონკურენციის სააგენტოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ავიაკომპანიისგან ოფიციალურ მიმართვას ადგილი არ ქონია.

Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტოს მიმართა და საქართველოს ავიაბაზარზე შექმნილი ვითარების შესწავლა სთხოვა. როგორც გაიაშვილმა განმარტა, სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.

„სრული განუკითხაობაა და ქართული ავიაციისადმი არასამართლიანი მიდგომაა“, განაცხადა გაიაშვილმა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის უკან საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზარზე კონკურენტული გარემო შეისწავლა.

როგორც მაშინ კონკურენციის სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, სააგენტოს ხელმძღვანელის ნოდარ ხადურის ბრძანებით, მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზრის მონიტორინგის ანგარიში დამტკიცდა.

სააგენტოს ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ ბაზრის მონიტორინგის ანგარიშში, 2014-2016 წლებში, აეროპორტებისა და მოქმედი ავიაკომპანიების მიხედვით, საქართველოში მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, კონკურენტული გარემო გაანალიზდა და შეფასდა.

“მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აეროპორტებში მგზავრთბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის მოთხოვნადი, ხოლო მომხმარებლისათვის, მაღალი კონკურენციიდან და ხელმისაწვდომი ფასებიდან გამომდინარე, მისაღები და კომფორტული ხდება. რაც ამ ბაზრის განვითარების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.

გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენციის შემზღუდველი პირობები და ხელოვნურად შექმნილი ბარიერები არ არსებობს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზარზე კონკურენტული გარემოა და არსებული ბაზარი ვითარდება”, აღნიშნული იყო სააგენტოს განცხადებაში.