ავიაკომპანია Georgian Airways-ს ახალი გენერალურ დირექტორი ჰყავს. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე რომან ბოკერია დავით გაიაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც ავიაკომპანიის 80%-ის წილი მფლობელია. რომან ბოკერიამ Georgian Airways-დან წასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაწერა და განაცხადა, რომ მის მიერვე დაარსებულ ქართულ-ამერიკული კომპანია “საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯიში” გადადის.

რაც შეეხება დავით გაიაშვილს, რომელიც საჯარო რეესტრში ავიაკომპანიის გენერალურ დირექტორად უკვე დარეგისტრირებულია, ის ავიაკომპანიის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის ძმაა. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ (პასუხისმგებელი დირექტორი) რჩება რობერტ ოგანესიანი.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის Georgian Airways-ის 80%-ს დავით გაიაშვილი, ხოლო 20%-ს შპს “ჯორჯიან ეარ სერვისი” ფლობს.

რაც შეეხება “ჯორჯიან ეარ სერვისს” მისი 90%-იანი წილის მფლობელია ეთერი გაიაშვილი, ხოლო 10%-ის სოფიო გვენცაძე.

ავიაკომპანია Georgian Airways-ი ფრენას 1993 წლის სექტემბრიდან ახორციელებს (2004 წლის 1-ელ ოქტომბრამდე მან “აირზენა – საქართველოს ავიახაზების” სახელით იარსება).

თავდაპირველად ავიაკომპანია ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სირიაში, ასევე,  რეგულარულ რეისებს ავსტრიაში.


საქართველოში მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებში არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, სწორი ბიზნეს სტრატეგიის შედეგად, ავიაკომპანიამ  შეძლო წარმატებული კომპანიის შექმნა  და შეინარჩუნა თავისი წილი საავიაციო ბაზარზე.

1999 წელს ავიაკომპანია “აირზენა” გახდა საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი.

2004 წელს აგვისტოში, ავიაკომპანია „აირზენამ“  სახელწოდება, მან ოპერირება Georgian Airways-ის სახელწოდებით განაგრძო.

2000 წელს ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ავიაპარკის განახლების შესახებ და ლიზინგით აიღო BOEING 737-500 ტიპის ორი თვითმფრინავი კომპანიისაგან  HAPAG-LLOYD.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. მას შემდეგ ავიაკომპანია  Georgian Airways-ი მუდმივად ზრუნავს ავიაპარკის განვითარებაზე და განახლებაზე.