ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისიდან ბაჰრეინის მიმართულებით ფრენები დაიწყო. News of Bahrain-ის ცნობით, პირდაპირი ფრენები კვირაში ორჯერ, მომდევნო 9 თვის განმავლობაში შესრულდება.

ამასთან, Georgian Airways-ი Gulf Air-ის შემდეგ უკვე მეორე ავიაკომპანიაა, რომელიც ბაჰრეინსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს ასრულებს.

ბაჰრეინის აეროპორტის კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნებს შორის 25-წლიან ურთიერთობებს ბოლო პერიოდში განვითარების ახალი ბიძგი მიეცა. ამასთან, იანვარში ბაჰრეინმა საქართველოში პირველი ელჩი დანიშნა.

“იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობა Georgian Airways-თან ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას”, – აღნიშნა აიმან ზეინალმა.