ავიაკომპანია Georgian Airways-მა TAV Georgia-ს წინაშე არსებული დავალიანება აღიარა და მისი გადახდაც დაიწყო. TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ Georgian Airways-ის დავალიანების რესტრუქტურიზაცია მოხდა, სრული თანხა (9 მლნ ლარზე მეტი) 5 ნაწილად გაყო და ავიაკომპანია დავალიანების დაფარვას სექტემბრის ბოლომდე დაასრულებს.
თეა ზაქარაძის განმარტებით, მიუხედავად არსებული შეთანხმებისა Georgian Airways-თან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.
„თანხის ნაწილი 1 კვირის წინ გადმორიცხეს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ. მე შემიძლია გიჩვენოთ კიდეც წერილი, სადაც ის აღიარებს ამ დავალიანებას. დავალიანების არ აღიარება არის შეუძლებელი. არსებობს კონტრაქტი, სადაც შავით თეთრზე წერია ტარიფები. ამ კონტრაქტს ერთის მხრივ ხელს ვართ ჩვენ, ხოლო მეორეს მხრივ Georgian Airways-ის მაშინდელი გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილი. შესაბამისად, არ აღიარება თემა არაა, აქ მთავარი თემაა თუ როგორ მოხდება ამ დავალიანების დაყოფა. დავალიანების თანხა გაიყო ხუთ ნაწილად და ავიაკომპანია მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში არსებულ დავალიანებას 20-20%-ად გადაიხდის. მიმდინარეებს ჩვეულებრივად იხდის და ასე, რომ ამ ეტაპზე ჯერ პრობლემა არ არის. თუმცა დავაზუსტებ, რომ ვართ მოლაპარაკებების ეტაპზე, როგორ მოხდეს სრული დავალიანების გადახდა და ასევე სამომავლო ურთიერთობებზე თუ რა ტარიფით უნდა იფრინოს”, განაცხადა TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია კიდევ ერთხელ მზადაა, რომ Georgian Airways-თან დათმობაზე წავიდეს და მას შეღავათები (დღევანდელი ტარიფი 19 დოლარი 24 დოლარის ნაცვლად) კიდევ ერთხელ გაუწიოს, რასაც TAV Georgia-ში ავიაკომპანიის გაზრდილი მზავრთნაკადით ხსნიან. უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ სატარიფო განაკვეთი არ შეეხება მეორე ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს, რადგანაც დღეისათვის მისი მგზავრთნაკადის რაოდენობა მცირეა.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით შეღავათზე. საუბარია მხოლოდ Georgian Airways-თვის შეღავათის გაწევაზე და Myway Airlines -ი ამ ეტაპზე ამ სქემაში ვერ მოხვდება. Georgian Airways-მა გასულ წელს 550 ათასი მგზავრი გადაიყვანა“, აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე.
როგორც ცნობილია, ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის TAV Georgia-ს დავალიანებას არ აღიარებდა. აღნიშნული განცხადება ავიაკომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდაც განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში TAV Georgia Georgian Airways-ს სასამართლოში სარჩელის შეტანით ემუქრებოდა. როგორც რამდენიმე თვის უკან კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, თუ ვალი არ დაიფარებოდა მაშინ TAV Georgia ავიაკომპანიის მიმართ მომსახურებას შეზღუდვას არ გამორიცხავდა.
მაშინ TAV Georgia-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სხვა ავიაკომპანიებისგან განსხვავებით Georgian Airways-ი სარგებლობს შემდეგი პრივილეგიებით:Georgian Airways – აქვს ექსკლუზიური უფლება თავად გაუწიოს სახმელეთო მომსახურება საკუთარ საჰაეროხომალდებსადა მგზავრებს, რაც საგრძნობლად ამცირებს მათ საწარმოო ხარჯებს;
2. Georgian Airways – 2005 წლიდან სარგებლობს 50%დან – 80%-მდე ფასდაკლებით TAV Georgia-ს მიერ გაწეულ ყველა იმ მოთხოვნად სერვისზე, რაც აუცილებელია რეისის შესასრულებლად (ბოლო სამი თვეა ავიაკომპანია მხარეებს შორის შეთანხმებული პირობების მიხედვით მხოლოდ მისთვის გაწეული მომსახურების ღირებულის 50% იხდის);
3. 2015 წლიდან Georgian Airways სარგებლობს TAV Georgia-ს მიერ ექსკლუზიურად მისთვის შედგენილი გადახდის სპეციალური გრაფიკით, რაც ზამთრის სანავიგაციო პერიოდში გაწეული მომსახურების ღირებულების 50%-ის გადახდას ზაფხულის განმავლობაში გულისხმობს.
4. Georgian Airways – ამ ეტაპზე არის ერთადერთი, თბილისში ბაზირებული ეროვნული ავიაკომპანია, რომელსაც TAV Georgia-მ მგზავრთა მოსაკრებელი 24 USD-დან 19 USD-მდე შეუმცირა. (აღნიშნული შეღავათით ისარგებლებს თბილისში ბაზირებული ნებისმიერი ეროვნული ავიაკომპანია, რომლის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობა 50 000 აღემატება);
5. Georgian Airways – 2017 წლიდან სარგებლობს საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის სპეციალური ტარიფით, რაც აღნიშნულ სერვისზე 30%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. TAV Georgia-ს მიერ შემუშავებული ამ სპეციალური ტარიფით სარგებლობენ თბილისში ბაზირებული ავიაკომპანიები.
6. Georgian Airways 2010 – წლიდან სარგებლობს TAV Georgia-ს მიერ ადგილობრივ რეისებზე შემუშავებული სპეციალური ტარიფით. აღნიშნული შეღავათი ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს საგრძნობლად შეამციროს ხარჯები.