ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა COVID-19-ის  გამო შეჩერებული ავიამიმოსვლის ფონზე, მთავრობის დაკვეთით, 33 სარეპატრიაციო რეისი განახორციელა და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა.

ბოლო სპეცრეისი Georgian Airways-მა რომიდან განახორციელა. აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-მა სპეცრეისების სერია რომიდან დაიწყო და რომიდან დაასრულა.

ივნისში ავიაკომპანია რამდენიმე ჩარტერული რეისის განხორციელებას გეგმავს, ხოლო 1-ელი ივლისიდან საქართველო რეგულარული ფრენებისთვის იხსნება და შესაბამისად Georgian Airways-ი იმ მიმართულებებზე აღადგენს რეგულარულ რეისებს, რომელზედაც COVID-19-ის პანდემიამდე ოპერირებდა.

თბილისი-რომი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენა Georgian Airways-მა 22 მაისს  განახორციელა, რაც ავიაკომპანიისთვის რიგით მე-4 ჩარტერული რეისი, რომელიც იტალიიდან შეასრულა.

აღნიშნული რეისით სამშობლოში 187 თანამემამულე მათ შორის არასრულწლოვნები, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმული პირები, ფეხმძიმე ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, პანდემიის გავრცელების შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები, ტრანზიტული მგზავრები და მეზღვაურები, ასევე ონკოლოგიური პაციენტები დაბრუნდნენ. 

თბილისი-რომი-თბილისის სპეცრეისზე დაბრძანებული იყო ავიაკომპანიისთვის საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ხატი, რომელიც ავიაკომპანიის ყველა იმ რეისზე იყო, რომელიც უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციას ითვალისწინებდა.