ავიაკომპანია Georgian Airways-მა გერმანიის დედაქალაქის, ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტში (BER) პირველი რეისი განახორციელა.
დღემდე, ავიაკომპანია ბერლინის მიმართულებით ფრენას შენეფელდის (SXF) მიმართულებით ასრულებდა, თუმცა ახალი აეროპორტის გახსნის შემდეგ Georgian Airways-ი ფრენებს სწორედ ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით განახორციელებს.
ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტმა (BER) ოპერირება 31 ოქტომბრიდან დაიწყო. ახალმა საჰაერო კარიბჭემ, რომელიც მალე ბერლინის ერთადერთი აეროპორტი გახდება, მგზავრების მიღება 9 წლიანი დაგვიანებით შეძლო.
ობიექტის მშენებლობას თან ახლდა გახმაურებული კორუფციული სკანდალები და არასწორი სისტემური გათვლები, რის გამოც პროექტის საბოლოო ღირებულება 2-დან 6 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
არასწორი გამოთვლები ასევე უკავშირდებოდა აეროპორტის გამტარუნარიანობასაც.
ცნობილია ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის შემდეგ, ანუ 2020 წლის 8 ნოემბრიდან ბერლინის ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) დაიხურება. 25 ოქტომბრიდან კი შენეფელდის აეროპორტი ბერლინ-ბრანდენბურგის მე-5 ტერმინალი გახდა.
ახალი აეროპორტი გერმანიის დედაქალაქის შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტის მხარეს აშენდა და ორივე აეროპორტს ერთი ასაფრენი ზოლი აქვს. რეალურად ახალი აეროპორტი არის მეგა პროექტი, რომელიც წარმოადგენს შენეფელდის მოდერნიზებულ და გაფართოებულ ვარიანტს.
თავდაპირველი გეგმით, ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტი 2011 წელს უნდა გახსნილიყო და იმავდროულად უნდა მომხდარიყო ტეგელისა (TXL) და შენეფელდის (SXF) აეროპორტების დახურვა. თუმცა ახალი აეროპორტის ტერმინალში სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მხრივ პრობლემები შეიქმნა და აეროპორტის გახსნა გადავადდა.
აეროპორტის გახსნის გაჭიანურების მიზეზი გახდა ისიც, რომ ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის გამტარუნარიანობა შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე ბერლინის სხვა აეროპორტები მგზავრებს ემსახურებოდნენ.
2015 წელს ბუნდესტაგის დეპუტატმა იენეს კეპენმა, ანგელა მერკელის პარტიიდან, წამოაყენა წინადადება, რომ აეროპორტის მშენებლობა თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ.
აქამდე ბერლინს ორი კომერციული აეროპორტი ემსახურებოდა: ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) და შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტი (SXF).