ავიაკომპანია Georgian Airways-მა ბერლინი-თბილისის ავიარეისით სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები დააბრუნა, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის შეწყვეტილი ავიარეისების გამო ვერ ახერხებდნენ. Georgian Airways-ის კუთვნილმა Boeing 737-800-მა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:05 საათზე დაეშვა, საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანა. 

როგორც ცნობილია, აღნიშნულ მიმართულებაზე 110 ბილეთის რეალიზაცია (სხვადასხვა თარიღზე) კომპანიამ მოახდინა ფრენების შეზღუდვამდე, შესაბამისად, 3 აპრილს განხორციელებულ სპეცრეისზე ამ მგზავრებმა უპირატესობით ისარგებლეს, ხოლო დარჩენილი 10 ბილეთი, Georgian Airways-მა ​მთავრობის რეკომენდაციის მიხედვით, რეისის განხორციელებამდე 2 დღით ადრე, ანუ 1-ელ აპრილს გაყიდა.

რეისის შესრულებისას ავიაკომპანიის ეკიპაჟის წევრები მაქსიმალურად შეეცადნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით ეხელმძღვანელათ. ფრენისას ყველა მგზავრი და თავად ეკიპაჟის წევრები აღჭურვილნი იყვნენ ნიღბებით. 

ფრენისას ერთ-ერთი მგზავრი შეუძლოდ გახდა. როგორც მან ბორგამყოლს განუცხადა, ფრენისას თავის ტკივილი აწუხებს. უსაფრთხოების მიზნით აღნიშნულ მგზავრს მაშინვე გაუზომეს წნევა და მიაწოდეს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი.

ნებისმერ ბორტგამყოლს, ისევე როგორც Georgian Airways-ის ეკიპაჟის წევრებს გავლილი აქვთ საბაზისო სამედიცინო დახმარების კურსები და შესაბამისად, მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაპრობლემას არ წარმოადგენს.

Georgian Airways-ის მგზავრებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს თერმოსკრინინგი და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადანაწილდნენ.
და რაც მთავარია რეისის განხორციელების შემდეგ Georgian Airways-მა საკუთარ საჰაერო ხომალდს სადენზინფეციო სამუსაოები ჩაუტარა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებს. 

Georgian Airways-ის ​სპეცრეისების უახლოესი დღეების განრიგი ასეთია:

4 აპრილი -ლონდონი-თბილისი – Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი)

7 აპრილი -ათენი-თბილისი – Georgian Airways

10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი – Georgian Airways

12 აპრილი – ბერლინი-თბილისი – Georgian Airways

14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი –  Georgian Airways

აღნიშნული ფრენები, ისევე როგორც საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა ავიარეისები, განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით, რაც ითვალისწინებს მგზავრთა ჭადრაკული პრინციპით განთავსებას, თითოეულ ბორტზე არაუმეტეს 120 მგზავრისა. ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროს ოდენობით.

აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე.

გთავაზობთ ბერლინი-თბილისის რეისზე Georgian Airways-ის ეკიპაჟის წევრების მიერ გადაღებულ ვიდეომასალას, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე მგზავრთა ასვლას, მგზავრობის პროცესს და თავად მგზავრთა კმაყოფილებას ასახავს.