ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ავიაკომპანია Georgian Airways-სთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას პოლიტიკურად განპირობებულს და ძალიან არამეგობრულს უწოდებს. ამ საკითხზე მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა. შესაბამისად, სამწუხაროა ითქვას, რომ უკრაინის ხელისუფლების მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ. ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა წინა შემთხვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების ფაქტი ცალსახად მიუღებელია და ის არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას აქვს. ამასთან, ეკონომიკის მინისტრი ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ოპოზიციის უკრაინასთან დაკავშირებულ ჯგუფს უკავშირებს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, წინა შემთხვევების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამჯერადაც იქნება შესაბამისი რეაგირება.
„ჩვენ ვიცით, რამდენადაა დაკავშირებული ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან და ალბათ, საფუძველი ზუსტად ეს აქვს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს მხოლოდ და არანაირად არ არგებს. რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამაზე რეაგირება, დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან იქნება შესაბამისი რეაქცია“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
რაც შეეხება მოვლენათა განვითარების შემდეგ ვერსიას, რომ Georgian Airways-ს, შესაძლოა, საერთაშორისო სანქციები დაუწესდეს და ამის შედეგად ავიაკომპანის მხოლოდ რუსეთის მიმართულებით შეეძლოს ფრენები, – მინისტრის განცხადებით, ასეთი რამ არ მოხდება.
„ასეთი რამ არ იქნება და შესაბამისად, არ იქნება პრობლემა Georgian Airways-სთვის და ქართველი მგზავრებისთვის. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება და მათ შორის კერძო კომპანიები ყველა მიმართულებით საერთაშორისო წესების შესაბამისად მოქმედებენ“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი.