ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც თელ ავივი-თბილისის სპეცრეისს ასრულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:15 საათზე დაეშვება. აღნიშნული რეისით გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, ქვეყანაში წმინდა ცეცხლსაც ჩამოიტანენ. ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ წმინდა ცეცხლი საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს უკვწ გადასცა, რომლებიც თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვნენ და თვითმფრინავიდან არ ჩამოვლენ.

https://www.facebook.com/lzhvania/videos/10221897809623561/

გარდა ამისა, აღნიშნულ რეისზე აბრძანებულია საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ხატი.  აღნიშნული ხატი არის Georgian Airways-ის  ყველა სპეცრეისზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

Georgian Airways-ის გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას ინფორმაციით, თბილისი-თელ ავივის ავიარეისით სამშობლოში 43 მგზავრი დაბრუნდა, ხოლო თელ ავივი-თბილისის ავიარეისით კი სამშობლოში საქართველოს 153 მოქალაქე დაბრუნდება. 

მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, სტუდენტები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე დაავადებების მქონე პირები, ასევე, ტრანზიტული მგზავრები აშშ-დან.

რომან ბოკერია დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც პირადად ადევნებდა თვალს თბილისი-თელ ავივის ავიარეისის შესრულებას. Georgian Airways-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან 17:00 საათზე აფრინდა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან და ა.შ. – რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები.

? 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 7353 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 6435 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

? შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

✔️ აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.