Georgian Airways-ი საზოგადოებისთვის საკუთარი თანამშრომლების გაცნობას განაგრძობს.
ამჯერად კომპანია 24 წლის თორნიკე ნადიბაიძეს წარმოადგენს. ის ავიაკომპანიის ყველაზე ახალგაზრდა პილოტია. ავიაკომპანიაში 1 წელზე მეტია მეორე მფრინავის პოზიციაზე მუშაობს და 1200 საათზე მეტი აქვს ნაფრენი. ექიმის ოჯახში გაიზარდა და ბავშვობიდან იცოდა, რომ თავადაც ექიმი უნდა გამხდარიყო, თუმცა ერთმა ფრენამ მისი გადაწყვეტილება რადიკალურად შეცვალა.
,,მე-12 კლასში ვიყავი, როცა პირველად ვიფრინეპატარა თვითმფრინავით, ეს იყო ტურისტული ფრენა ნატახტარში. სწორედ მაგ დღეს, ფრენის დროს ჩემში რადიკალური ცვლილება მოხდა, მივხვდი რომ აუცილებლად ავიაციასთან მინდოდა ჩემი მომავლის დაკავშირება. ავიაციით ერთხელ თუ „მოიწამლე“, ერთხელ თუ აფრინდი, სულ ცდილობ რომ თვითმფრინავი, ფრენა და ავიაცია შენი ცხოვრების ნაწილი იყოს“, – ამბობს თორნიკე.
საავიაციო უნივერსიტეტის დასრულების პერიოდი პანდემიის დაწყებას და ავიაციის სფეროში შეზღუდვების დაწესებას დაემთხვა, რის გამოც ახალგაზრდა მფრინავმა თავდაპირველად მუშაობა მცირე ავიაციაში დაიწყო.
,,ყველაზე რთული პროცესი ჩემთვის დაიწყო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. კორონავირუსის პანდემია დაიწყო და იმისთვის, რომ მეფრინა და გამოცდილება მიმეღო, მცირე ავიაციაში დავიწყე მუშაობა სრულიად უსასყიდლოდ. თუმცა, ჩემი მიზანი ყოველთვის იყო დიდი ავიაცია და 1 წლის შემდეგ გამიმართლა, მუშაობა დავიწყე Georgian Airlines-ში, სადაც რამდენიმე თვე სხვა პოზიციაზე ვიმუშავე და შემდეგ უკვე Georgian Airways-ში მფრინავად გავაგრძელე მუშაობა. ვფიქრობ ეს სირთულეებიც, რისი დაძლევა მომიწია, საინტერესო და სასიამოვნოა, ამ გზას რომ გაივლი და შენს მიზანს მიაღწევ, აღმოაჩენ, რომ იქ ხარ, რაზეც 5 წლის წინ ოცნებობდი“.
დღეისთვის თორნიკემ უკვე ორი ტიპის თვითფრინავზე გადაისწავლა – Boeing 737-ზე და Bombardier Global 6000-ზე. ამბობს, რომ კარგი პილოტისთვის აუცილებელია მუდმივი სწავლა და საკუთარი თავის განვითარება.
„ასეთი გამონათქვამია- კარგი პილოტი ყოველთვის სწავლობსო. საავიაციო უნივერსიტეტში ერთ-ერთი ლექტორისგან ასეთი რჩევა მივიღე, რასაც დღემდე ვითვალისწინებ: ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც ავიაციაში გადადგამ, იმისთვის რომ განავითარო საკუთარი თავი, არასდროს დაიკარგებაო. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, ნებისმიერი წუთი ან თუნდაც ერთი გვერდი, რაც წაიკითხე იმისთვის, რომ განვითარდე აუცილებლად წინ დაგხვდება და დაგეხმარება“.
დღეს იგივე რჩევას იმ ახალგაზრდებს აძლევს, ვინც ავიაციაზე და პილოტის პროფესიაზე ოცნებობს:
„ბევრი სწავლა, შრომა და მუდმივი განვითარება – ეს უნდა გახდეს პრიორიტეტი.
ავიაცია თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული. ეს განსხვავებული და არარუტინული პროფესიაა, შეიძლება ერთი და იმავე მიმართულებით იფრინო ყოველდღე რამდენიმე დღის მანძილზე, მაგრამ მაინც ყოველი დღე განსხვავებული იქნება. ყოველი აფრენის შემდეგ, ახალი პეიზაჟის დანახვისას, ყოველი დღე სხვანაირად მიხარია და ვამბობ, რომ ძალიან მაგარი პროფესია მაქვს და ბედნიერი ვარ, ამას რომ ვაკეთებ“.