Georgian Airways-ი საზოგადოებისთვის საკუთარი თანამშრომლების გაცნობას განაგრძობს.

ამჯერად კომპანია ბადრი ჩაგოშვილს წარმოადგენს. ის Georgian Airways-ის ხომალდის მეთაურია „ბოინგ 737-ზე“, ამავდროულად ის ინსტრუქტორი და სატვირთო ავიაგადამზიდი კომპანია „ჯორჯიან ეარლაინსის“ საფრენოსნო სამსახურის ხელმძღვანელია.

“ავიაცია და მფრინავის პროფესია ჩემი ცხოვრებაა, საქმეც, ჰობიც, პასუხისმგებლობაცაა. მარტივი პროფესია არ არის, მაგრამ როცა ძალიან გინდა და ეს საქმე გიყვარს, სწავლის, შრომისა და გამოწვევების დაძლევის პროცესიც სიამოვნებას განიჭებს. გააზრებული გაქვს ამ ყველაფერს რისთვისაც აკეთებ. ჩემი აზრით, გაცილებით რთული იქნებოდა ისეთი პროფესიის ათვისება, რაც შენი არ არის,“ ამბობს ბადრი ჩაგოშვილი.

ბადრო Georgian Airways-ის გუნდს საავიაციო უნივერსტიტეტში ჩაბარების შემდეგ, 2013 წელს შეუერთდა, თავიდან მეორე მფრინავად, 2018 წლიდან კი ხომალდის მეთაური გახდა „ბოინგ 737“-სა და „ემბრაერ 190“-ზე. დღეს უკვე 7500 საათზე მეტი აქვს ნაფრენი. ამბობს, რომ ყველაზე ემოციური აფრენა-დაფრენის მომენტებია, რა დროსაც მფრინავისთვის ყველაზე მეტი დავალებაა შესასრულებელი.

,,ყველაზე მთავარი არის ის, რომ რეისი სრულდება უსაფრთხოდ, ყველა მგზავრი მიდის კმაყოფილი და სამუშაო დღის შემდეგ ჩემთვის წარმატებაა იმის გააზრება, რომ ეს რეისი ისე შედგა, როგორც უნდა შემდგარიყო, მგზავრებისთვის უსაფრთხოებისა და კომფორტის შესაბამისად.“

მფრინავისთვის ყველა ფრენა გამორჩეულია და ყოველი ახალი ფრენით უნიკალურ გამოცდილებას იძენს. „არც ერთი ფრენა ერთმანეთს არ ჰგავს. ყოველი ფრენა არის გამოცდილება. ამ გამოცდილებას ძველი თაობის მფრინავები გვიზიარებდნენ, რაც ძალიან სასარგებლო იყო და ეს იქნება ჩვენი ვალი ახალი თაობებისთვის, რომლებიც მომავალში შეურთდებიან ავიაციას.“

როგორც Georgian Airways-ის ყველა მფრინავი, ბადრი ყოველ 6 თვეში იმაღლებს კვალიფიკაციას სხვადასხვა მიმართულებით.

„ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ეს პროფესია მინდოდა. არ მაინტერესებდა რა ფერის ფორმა უნდა ჩამეცვა, არც რამდენი ანაზღაურება მექნებოდა, უბრალოდ მინდოდა მეფრინა და თან მინდოდა ვყოფილიყავი სამაგალითო, ეს იყო ჩემი მიზანი და დღესაც ჩემი ყოველი დღე ამით იწყება. მუდმივად უნდა განვითარდე, პირველ ნაბიჯს რომ გადადგამ ავიაკომპანიაში, მას შემდეგ იწყება ყველაფერი – თავუზოგავი შრომა და მუდმივი განვითარება, რომელიც აუცილებლად დაფასდება,“ – ამბობს ბადრი ჩაგოშვილი.