ავიაკომპანია Georgian Airways-ის ხელმძღვანელობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყაზახეთში მომხდარი, Azerbaijan Airlines-ის (AZAL) თვითმფრინავის კატასტროფის გამო.
„Georgian Airways-ი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, Azerbaijan Airlines-ის ხელმძღვანელობას, თანამშრომლებსა და აზერბაიჯანელ ხალხს, ავიაკატასტროფაში გადარჩენილ მგზავრებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.
ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. კასპიის ზღვაზე ის რადარებიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო გავრცელდა.
სავარაუდოდ, ავიაკატასტროფის მიზეზი ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება გახდა.