ბორტგამყოლთა სამსახურის ხელმძღვანელი ირინა ხევიაშვილი უკვე 20 წელია, რაც Georgian Airways-ის გუნდის წევრია და ჰაერში 12 000 საათზე მეტი აქვს გატარებული. ის ამბობს, რომ თავდაპირველად პროფესიის არჩევანი მოგზაურობის დიდმა სურვილმა განაპირობა.
“ეს იყო 2005 წელს, მაშინდელი სამყარო იყო სულ სხვანაირი: უფრო ჩაკეტილი გარემო, ვიზებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პრობლემები. მაშინ პირველად ვიმოგზაურე გერმანიაში და ეს იყო ჩემი არჩევანის განმაპირობებელი ფაქტორი, რადგან პროფესია მპირდებოდა დინამიკას, მოგზაურობას, დამოუკიდებლობასა და სტაბილურობას. მაშინ არ მიფიქრია, რომ ამდენი წელი დავრჩებოდი ამ სფეროში და ავიაცია ჩემი ნაწილი გახდებოდა.
დღეს ავიაცია და ბორტგამცილებლის პროფესია ჩემთვის არის უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და თავგადასავლების შერწყმა. ჩემი იდენტობა უკვე მთლიანად ასოცირდება ავიაციასთან, ეს ჩემი ცხოვრების წესია და ამით ძალიან ამაყი ვარ. ემოციური კავშირი ჩემს პროფესიასთან არის ძალიან ღრმა და საინტერესო – თავისუფლების შეგრძნება, ადამიანებთან კავშირი და ღრუბლებზე მაღლა ფრენა.“
პირველი გადამზადების კურსი ირინამ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში გაიარა, თეორიული კურსის ამოწურვის შემდეგ კოლეგებთან ერთად კიევის საავიაციო უნივერსიტეტში გაემგზავრა, სადაც პრაქტიკული კურსი გაიარა.
„კურსი მოიცავდა ავარიული სიტუაციების მართვას, რისი ტექნიკური შესაძლებლობებიც იმ დროისთვის საქართველოში არ არსებობდა და ეს იყო მნიშვნელოვანი გამოცდილება.
დღეს უკვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, საქართველოში, ყოველწლიურად გავდივართ ტრენინგებს, სადაც შედის ავარიული სიტუაციების მართვა, პირველადი სამედიცინო დახმარება, სახიფათო ტვირთების გადაზიდვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.“
ამბობს, რომ მუშაობის პროცესში ყველაზე დიდიგამოწვევა ბორტზე პრობლემურ მგზავრებთანდაკავშირებული ვითარების მართვაა.
“დიდი ხანია საავიაციო სფეროში ვარ, თუმცა საავარიო სიტუაციის მართვის გამოცდილება არ მქონია, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ავიაცია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სფეროა. ამიტომ ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა პრობლემურ მგზავრებთან კონფლიქტური ვითარების მართვა, რადგან ბორტზე, სამწუხაროდ, პერიოდულად ხდება კონფლიქტური სიტუაციები, მაგალითად, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მგზავრებთან. ჩვენ გუნდს უწევს ამ სიტუაციებისმართვა, რასაც წარმატებით ვასრულებთ, პერიოდულად გავდივართ ტრენინგებს სწორედ ამ მიმართულებითაც.“
ბევრად მეტია 20 წლის განმავლობაში დაგროვილი დადებითი ემოციები და მოგონებები. 80 ქვეყანაზემეტი მოგზაურობებიდან ირინას ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მოგონება ამსტერდამის აეროპორტში საყვარელ მსახიობთან, რალფ ფაინსთან შეხვედრაა. ასევე დასამახსოვრებელი იყო ევროპის ჩემპიონატის პერიოდში გერმანიაში შესრულებული რეისები, როცა თვითმფრინავში ეკიპაჟის წევრებისა და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების სიხარულისა და სიამაყის საოცარი ემოციები ერთიანდებოდა. ამას გარდა, ბორტგამცილებლის ყოველდღიური მუშაობის პროცესშიც არაერთი განსაკუთრებული დადებითი ემოციაა.
“მგზავრების ფრენის შიშის დაძლევა ჩემთვისძალიან დიდი გამარჯვებაა. როცა მგზავრი მძიმე განცდებშია, თუნდაც უსაფუძვლო შიშის გამო, ყოველთვის ცდილობს რომ რაც შეიძლება მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს ჩვენთან. ამ ფობიის დაძლევა, როცა ჩემთან კომუნიკაციის შედეგად მგზავრები ამ შიშისგან თავისუფლდებიან, ჩემთვის განსაკუთრებული ემოციაა.“
ბოლო წლების განმავლობაში ირინა ბორტგამცილებლის პროფესიაში ახალ თაობასთანაც მჭიდროდ მუშაობს.
„კასტინგებზე ხშირად მსმენია კანდიდატებისგან, რომ მოვიდნენ განწყობით „ალბათ არ მიმიღებენ და მინდა უბრალოდ ვცადო“, რაც არასწორი მიდგომაა და აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა და მიზანდასახულობა. კასტინგზე აუცილებლად უნდა მიხვიდეთ თავდაჯერებული და მოწესრიგებული,ასევე ავიაციაში მნიშვნელოვანია მეგობრულობა, გუნდურობა, დისციპლინა და დროის მენეჯმენტი. ერთ კასტინგზე თუ არ გაგიმართლათ, მომავალში კიდევ უნდა სცადოთ. როცა რამდენჯერმე ცდი, ნიშნავს, რომ სურვილი და მოტივაცია დიდი გაქვს და ეს აუცილებლად დაფასდება.“