ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი საქართველოსა და უკრაინას შორის ავიარეისების სიხშირეებს გაზრდის. როგორც Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია აცხადებს, ავიაკომპანიის ოფისს საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ დოლგოვი სტუმრობდა, რომელმაც ქართულ ავიაკომპანიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და უკრაინის აეროპორტებში მოსაკრებლის შემცირებაზე შუამავლობა აღუთქვა.
როგორც ბოკერია განმარტავს, უახლოეს დღეებში უკრაინის ელჩი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავს, რათა უკრაინის აეროპორტებში Georgian Airways-ის უკეთესი პირობების შექმნისთვის გადაწყვეტილება სამთავრობო დონეზე იქნეს მიღებული.
უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანიის მენეჯმენტი 11 ივლისს ბათუმში უკრაინის სამთავრობო დელეგაციასაც შეხვდება და სწორედ ამ შეხვედრაზე გაგრძელდება Georgian Airways-ისთვის უკრაინის აეროპორტებში გარკვეული შეღავათების მინიჭების საკითხის განხილვა და შეჯერება.
გარდა ამისა, ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში Georgian Airways-ი თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე სიხშირეების ზრდას გეგმავს. დღეისათვის ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში 2 რეგულარულ რეისს ასრულებს. იმავდროულად განიხილება ბათუმი-კიევი-ბათუმის მიმართულებაზე ოპერირების დაწყებაც.
რუსეთის მიერ დაწესებული “ტურისტული ემბარგოს” საპასუხოდ ქართული და ქვეყანაში მეტი ტურისტის შემოყვანისთვის ავიაკომპანია Georgian Airways-ი კიევის გარდა ხარკოვისა და ოდესის მიმართულებით გეგმავს რეისებს.
Georgian Airways-ის მენეჯმენტი ამბობს, რომ უკრაინის ბაზარზე ქართული ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაში ქართულ მხარეს უკრაინის მთავრობაც დაეხმარება და ერთობლივი ძალებით მოხდება საქართველოში მეტი უკრაინელი ტურისტის ჩამოსვლა.
ცნობილია ისიც, რომ “თიბისი ჯგუფის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე რუსეთის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის საპასუხოდ, უკრაინიდან ტურისტების ჩამოყვანას საკუთარი ფინანსებით უზრუნველყოფს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, მზადაა, რომ Georgian Airways-ის 10 ჩარტერული რეისი დააფინანსოს, რომლითაც კიევიდან თბილისის მიმართულებით უკრაინელი ტურისტების ჩამოყვანა მოხდება.