ავიაკომპანია Georgian Airways-ი 12 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას გამართავს, სადაც საქართველოში TAV-ის მმართველობას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს. ავიაკომანიაში აცხადებენ, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია “ტავ ურბან ჯორჯია” Georgian Airways-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს. “ტავ ურბან ჯორჯიას” წელიწადში სუფთა მოგების სახით 400 მილიონ ლარზე მეტი გააქვს საქართველოდან, სანაცვლოდ კი თბილისში, რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს, ხოლო ბათუმის აეროპორტში გაუსაძლისი პირობებია, განმარტავენ ავიაკომპანიაში

„თურქული კომპანია “ტავ ურბან ჯორჯია” ავიაკომპანია Georgian Airways-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა.

ისეთი გადასახადები, როგორიც “ტავ ურბან ჯორჯიას” აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არცერთ აეროპორტში. Georgian Airways-ის ხელმძღვანელობა თვლის რომ “ტავ ურბან ჯორჯიას” მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება.

“ტავ ურბან ჯორჯიას” წელიწადში სუფთა მოგების სახით 400 მილიონ ლარზე მეტი გააქვს საქართველოდან, სანაცვლოდ კი თბილისში, რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს, ხოლო ბათუმის აეროპორტში გაუსაძლისი პირობებია. “ტავ ურბან ჯორჯია” უარს ამბობს მოსაკრებლის შემცირებაზე, ქართული ავიაცია კი სულ უფრო და უფრო ზარალდება.

“ტავ ურბან ჯორჯიას” ტაქსის ფასებიც კი კაბალური აქვს. მაგალითად, თუ თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრი მოინდომებს თბილისის ცენტრამდე ტაქსით წასვლას, მოუწევს ისარგებლოს “ტავის” ტაქსით, რაც სულ მცირე 45 ლარი დაუჯდება. (აეროპორტის ტერიტორიაზე სხვა ტაქსის დგომის/დალოდების უფლებას არ აძლევენ)

მივმართავთ თხოვნით საზოგადოებას, ჩვენს როგორც არსებულ, ისე პოტენციურ მგზავრებს, ყველას, ვინც თვლის რომ “ტავ ურბან ჯორჯია” არ უნდა მართავდეს საქართველოს აეროპორტებს, დაგვიდექით გვერდში და სამშაბათს, 12 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთად გავაპროტესტოთ “ტავ ურბან ჯორჯიას” კაბალური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში”, აღნიშნულია Georgian Airways-ის 7 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.