ავიაკომპანია Georgian Airways-ი საქართველოს პარლამენტს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.
ირკვევა, რომ სასამართლოს ავიაკომპანიამ 2018 წლის 27 ნოემბერს მიმართა, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით კი, სასამართლომ სარჩელი არსებით განხილვაში ნაწილობრივ მიიღო. ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
Georgian Airways-ი სარჩელში უთითებს, რომ ეკონომიკის მინისტრის მიერ 2012 წლის ბრძანებით დადგენილი მომსახურების საფასური, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უხდიან, არაკონსტიტუციურია. ავიაკომპანიაში მიაჩნიათ, რომ ირღვევა კონსტიტუციით დაცული საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. ამასთან, Georgian Airways-ი მიუთითებდა, რომ საფასურის გადახდა არ უწევთ უცხოეთში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს, რაც არაჯანსაღი კონკურენციის პირობებს ქმნის. თუმცა, ამ ნაწილში სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია, რომელშიც მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი შედიან.
წყარო: 1TV.ge