ავიაკომპანია Georgian Airways-ი ყველა იმ რეგულარული მიმართულების აღდგენას აპირებს, რომელზედაც ავიაკომპანია COVID-19-ის პანდემიამდე ოპერირებდა. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია განმარტავს, რომ რეგულარული ფენების განახლების თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რადგანაც მსგავსი ტიპის ფრენებისთვის საქართველო ჯერ დახურულია და კომპანია საავიაციო ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია.
საგულისხმოა ისიც, რომ Georgian Airways-ი რეგულარულ მიმართულებებს ეტაპობრივად დაუბრუნდება.
“ქართული ეროვნული ავიაკომპანია Georgian Airways-ი მზადაა განვაახლოთ ჩვენი რეგულარული რეისები ყველა იმ მიმართულებებზე, რომელზედაც ვოპერირებდით. საუბარია რეგულარულ 16 მიმართულებაზე და პლუს ჩარტერულ ავიარეისებზე. რეგულარულ ფრენებს აღვადგენთ მაშინვე, როგორც კი საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნებართვა იქნება. თუმცა თუ როდიდან განვაახლებთ რეგულარულ ფრენებს ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე და ასევე იმ ქვეყნების აეროპორტების პროტოკოლზე სადაც რეისებს განვახორციელებთ”, აცხადებს რომან ბოკერია.
რეგულარული ფრენების დროებითი შეჩერების ფონზე Georgian Airways-ი სპეციალური რეისების ორგანიზებას ახდენს, რითაც საქართველოში უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეები ბრუნდებიან.
“საქართველოს მთავრობის დავალებითა და მათი კოორდინაციით განვაგრძობთ სპეციალური ავიარეისების ორგანიზებას. ძალიან წარმატებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ერთ ორგანიზმად, ერთ გუნდად ავეწყვეთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ერთობლივად განვახორციელეთ დღეის მდგომარეობით 28 სპეცრეისი. Georgian Airways-მა საქართველოში დააბრუნა საქართველოს 3500-მდე მოქალაქე – წარმატებით, ჯანმრთელად და უსაფრთხოდ”, განმარტავს ბოკერია.
Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი COVID-19-ის ფონზე იმ რეგულაციებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ყველა ავიაკომპანიასა და აეროპორტში ინერგება და სავალდებულო ხდება.
“ყველა ჩვენი მგზავრი უნდა იყოს პირბადით და ხელთათმანით და თუ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისგან სხვა ტიპის რეკომენდაციაც იქნება აუცილებლად გავითვალისწინებთ”, ამბობს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელის თქმით, Georgian Airways-ი ფრენებს ხშირად ე.წ. წითელი ზონებიდანაც ახორციელებდა, თუმცა კომპანიის არც ერთი ბორტგამცილებელი და პილოტი COVID-19-ით არ დაინფიცირებულა.
“Georgian Airways-ის არც ერთი ბორტგამცილებელი და არც ერთი პილოტი არ დაინფიცირებულა, რადგანაც ჩვენი კომპანიის ყველა თანამშრომელი მაქსიმალურად იყო დაცული”, ამბობს ბოკერია და ხაზს უსვამს იმასაც, რომ Georgian Airways-ის ყველა სპეცრეისზე დაბრძანებული იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ხატი, რომელიც ყველა მგზავრსა თუ ეკიპაჟის წევრს მფარველობდა.
საგულისხმოა, რომ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის გახსნა 1-ელი ივლისიდან იგეგმება. გაწერილი გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა მოხდება ეტაპობრივად. თუმცა მანამდე საავიაციო ხელისუფლებას და აეროპორტებს გარკვეული სამუშაოების წარმოება მოუწევთ. უფრო კონკრეტულად კი საჭირო და აუცილებელია უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა, როგორც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, ისე აეროპორტებში.
უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან ოპერირების განახლებაზე და ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე. ასევე დაგეგმილია ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობაში საქართველოს ინტეგრირება და ამ ფონზე საერთაშორისო მარკეტინგული კამპანია „საქართველო – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“- წარმოება.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მესამედ, 23 მაისამდე გადაავადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი განახლებული NOTAM-ის გამოცემა, მას შემდეგ დასჭირდა რაც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ 20 მარტს გადაწყვეტილებები მიიღო და 21 მარტიდან, სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა და დაანონსა იმ მხოლოდ ავიარეისების განხორციელდება რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, Georgian Airways-ი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განახორციელებს.