ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი კარგო ბიზნესში შედის. ბიზნესის განვითარების მიზნით, კომპანია საქართველოს ფოსტასთან ითანამშრომლებს.
როგორც avianews.ge-სთან Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობას მნიშვნელოვანს უწოდებს. „სახელმწიფო კომპანია საქართველოს ფოსტა და კერძო კომპანია Georgian Airways-ი გაერთიანდნენ ერთი მიზნის მისაღწევად – საჰაერო და სატრანსპორტო გადაზიდვების განვითარება-გაფართოება და საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურის შექმნა. ჩვენი სურვილია ორივე კომპანიის პოტენციალის ამაღლება და კომპანიებმა გაერთიანებული ძალებით უფრო დიდი აქტივი შექმნას. ორივე მხარისთვის მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი, ჩვენ გამოვიყენებთ საქართველოს ფოსტის ტერმინალს, საქართველოს ფოსტას კი ავიაგადაზიდვებში დავეხმარებით“, – განმარტავს რომან ბოკერია.
რაც შეეხება შეკვეთებს, რომან ბოკერია ამბობს, რომ ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი ტვირთი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე იმ მიმართულებით გადაზიდონ სადაც მათ პროდუქციაზე მოთხოვნაა.
საქართველოში კარგო მიმართულებით ბევრი საერთაშორისო ავიაკომპანია არ ინტერესდება, ამას რომან ბოკერია ბაზრის სიმცირით ხსნის. ამბობს, რომ წელიწადში ქართული საჰაერო ტვირთის მოცულობა დაახლოებით 8000 ტონაა წელიწადში.
„ჩვენთვის ეს დამატებითი შემოსავალია, ბორტი დატვირთულია მგზავრებით და ჩვენ საშუალოდ თითო რეისზე (დღეში დაახლოებით 10 რეისი) 750 კგ-ს გადატანის შესაძლებლობა გვაქვს. რა თქმა უნდა დამატებითი ტვირთის შემთხვევაში ხარჯი იზრდება,მაგრამ შემოსავალი მაინც უფრო მეტია. ეს გვაძლევს მოგებას. რაც შეეხება ტარიფებს ეს ტვირთის სპეციფიკაზეა დამოკიდებული“, – განმარტავს ბოკერია.
Georgian Airways-ი რუსეთის გამოკლებით ამ დროისთვის 14-15 რეისს (რუსეთის მიმართულების გამოკლებით) ასრულებს. კარგო მიმართულების განვითარების შემთხვევაში კი კარგო თვითმფრინავების შეძენასაც გეგმავს.