ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ივნისში რამდენიმე ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს. ავიაკომპანია რეგულარული რეისების დაწყებამდე, რომელიც 1-ელი ივლისიდან იგეგმება, ივნისში რამდენიმე რეისს ისრაელისა და ნიდერლანდების დედაქალაქის მიმართულებით განახორციელებს. 

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია Tav Georgia-ში განმარტავენ, ამ დროისათვის დამტკიცებული განრიგის თანახმად, Georgian Airways-ი ივნისში  თელ ავივის მიმართულებით 4 ჩარტერულ რეისს, ხოლო ამსტერდამის მიმართულებით 3 ჩარტერულ ფრენას განახორციელებს.

უფრო კონკრეტულად კი თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე Georgian Airways-ი ფრენებს 4-11-21-25 ივნისს შეასრულებს, ხოლო თბილისი-ამსტერდამი-თბილისის საჰაერო ხაზზე კი 8-15-27 ივნისს.

გამორიცხული არ არის, რომ რეგულარული ფრენების გახსნამდე ავიაკომპანიამ კიდევ რამდენიმე ჩარტერული ავიარეისის განხორციელება დაგეგმოს.

2020 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველო რეგულარული ფრენებისთვის იხსნება და შესაბამისად Georgian Airways-ი იმ მიმართულებებზე ეტაპობრივად განაახლებს ფრენებს, რომელზედაც COVID-19-ის პანდემიამდე ოპერირებდა.