ავიაკომპანია Georgian Airways-ი გერმანიაში, EURO-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს.
„ავიაკომპანია Georgian Airways-ი კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას! Georgian Airways-ი შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება.
პირდაპირი ფრენები შესრულდება თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს)“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
Georgian Airways-ში განმარტავენ, რომ პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.
ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება 1 აპრილიდან ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!