ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი დაგეგმილი ჩარტერულ ავიარეისების არეალს ზრდის და ფრენებს თელ ავივისა და ამსტერდამის გარდა ბერლინისა და ვენის მიმართულებითაც განახორციელებს.
Georgian Airways-ის ინფორმაციით, საავიაციო ხელისუფლების მხრიდან დასტურის მოლოდინშია ფრენები თბილისი-ვენა-თბილისის საჰაერო მიმართულებაზე, ხოლო რაც შეეხება თბილისი-ბერლინი-თბილისის ჩარტერულ ავიარეისს შესაბამისი ნებართვა უკვე არსებობს. ავიაკომპანიის განმარტებით, Georgian Airways-ი ვენის მიმართულებით რეისებს 18 და 28 ივნისს გეგმავს. ხოლო ბერლინის მიმართულებით ფრენას Georgian Airways-ი 3 ივლისს გეგმავს და ბილეთები უკვე თავისუფალ გაყიდვაშია.
უფრო კონკრეტულად კი თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე Georgian Airways-ი ფრენებს 4-11-21-25 ივნისს შეასრულებს, ხოლო თბილისი-ამსტერდამი-თბილისის საჰაერო ხაზზე კი 8-15-27 ივნისს.
2020 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველო რეგულარული ფრენებისთვის იხსნება და შესაბამისად Georgian Airways-ი იმ მიმართულებებზე ეტაპობრივად განაახლებს ფრენებს, რომელზედაც COVID-19-ის პანდემიამდე ოპერირებდა.
აღნიშნულ მიმართულებებზე Georgian Airways-ი ფრენებს Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელებს.