ახლა მაქსიმალურ აქცენტს ვაკეთებთ ეროვნულ, ქართულ კომპანია Georgian Airways-ზე და მის რესურსზე, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. როგორც ნათია თურნავამ განმარტა, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს.
„ახლა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩამოსვლის სურვილი აქვთ და ეს გაურთულდათ იმის გამო, რომ შემცირდა ან შეწყდა საჰაერო მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყანას შორის, მათ შორის საქართველოსთან. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევინარჩუნოთ თუნდაც რამდენიმე მიმართულება ევროპიდან საქართველოში, რასაც მოემსახურება Georgian Airways-ი და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ძალიან ოპერატიულად იქნება ხოლმე გავრცელებული” – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, Georgian Airways-ი ევროპული ქალაქებიდან ფრენებს სახელმწიფოს მხარდაჭერით განახორციელებს.
“Georgian Airways-ი მაქსიმალურად, ჩვენი მხარდაჭერით აგრძელებს ფრენებს სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან. რა თქმა უნდა, არ ვიცით როგორ შეიცვლება ეს გეოგრაფია, რადგან ეს არ არის მარტო ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი და ქვეყნების მთავრობებიც ცვლიან თავიანთ პოლიტიკას, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, შევინარჩუნოთ თუნდაც რამდენიმე მიმართულება ევროპიდან საქართველოში” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნათია თურნავას შეფასებით, იმ ფონზე, რა პროცესებიც მიმდინარეობს გლობალურად, რის გამოც სულ უფრო მეტი ავიაკომპანია წყვეტს ფრენებს, საქართველოშიც მინიმუმამდეა დაყვანილი პირდაპირი ფრენების რაოდენობა და არის მოლოდინი, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება.