სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airways Cargo-ს ბაზაზე ახალი ავიაკომპანია Georgian Airlines-ი (“საქარველოს ავიახაზები”) დაფუძნდა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილია. ირაკლი მეზვრიშვილს, რომელიც გამოცდილი პილოტია სატვირთო ავიაკომპანიის მართვის გამოცდილება უკვე აქვს, ის თვეების განმავლობაში Georgian Airways Cargo-ს ხელმძღვანელობდა.
Georgian Airlines-ი საწყის ეტაპზე სატვირთო გადაზიდვებით იქნება დაკავებული, თუმცა სამომავლოდ საქმიანობის გაფართოებასა და მოთხოვნის ზრდასთან ერთად სამგზავრო გადაზიდვების სეგმენტშიც გეგმავს შესვლას.
ავიაკომპანიას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მისაღებად პროცედურები უკვე დაწყებული აქვს და მისი წარმატების დასრულების შემდეგ “ა” კატეგორიის საწარმოს სტატუსს მიიღებს.
Georgian Airlines-ის ავიაპარკი ამ დროისათვის ერთ ერთეულ სატვირთო Boeing 737-8SF-ს (საბორტო ნომერი 4L-TIG) აერთიანებს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული. ავიაკომპანიის მენეჯმენტის ბიზნესის გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს და ამ მიზნის მისაღწევად თავისუფალი ბორტების მოძიებას აქტიურად ახდენს.
“Georgian Airlines-ი რეისების გეგმარებას აზიისა და ევროპის მიმართულებით ახდენს. არსებულმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ მსოფლიოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა მზარდია, მით უმეტეს პანდემიის პირობებში. მიგვაჩნია, რომ არსებულ მოთხოვნას ბაზარმა სწრაფად უნდა აუწყოს ფეხი. Georgian Airlines-მა უკვე მიაღწია მოლაპარაკებებს ერთ-ერთ სალიზინგო კომპანიასთან და დეკემბრის დასაწყისში Boeing 737-ს ჩამოვიყვანთ, რომლის რეგისტრაციის შემდეგ ჩვენს ავიაპარკში ხომალდების რაოდენობა 2-მდე გაიზრდება. აღნიშნული საჰაერო ხომალდითაც 25 ტონამდე ტვირთის მომსახურებას შევძლებთ.
რეალურად 2022 წლიდან Georgian Airlines-ი ერთდროულად 50 ტონამდე ტვირთის მომსახურებას შეძლებს. საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე უკვე რამდენიმე ქართული კომპანია ოპერირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაზიდვების ეს სეგმენტი საკმაოდ კონკურენტუნარიანია”, განაცხადა AviaNews-თან საუბარში Georgian Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრივილმა.