ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ი ავიაპარკის ზრდას განაგრძობს. როგორც AviaNews-თან საუბრისას კომპანიის დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა განაცხადა, უახლოეს კვირებში ავიაკომპანიის პარკს მესამე Boeing-ი დაემატება.

„ჩვენი კომპანიის სტაფი უკვე აშშ-ში იმყოფება, ადგილზე მიმდინარეობს ბორტის გადამოწმება და ვემზადებით ბორტის მისაღებად. ამ პროცედურების დასრულების შემდეგ პილოტები Boeing 737-800-ს მაიამიდან თბილისში გადმოაფრენენ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, ბორტი 2002 წელსაა გამოშვებული და საწარმოში აღნიშნული Boeing 737-800-ის კონვერტირება ახლახანს განხორციელდა და მისი ჩამოყვანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 7 დეკემბრისთვის იგეგმება.

რაც შეეხება ფრენების რაოდენობის ზრდას Georgian Airlines-ი ჩარტერული რეისების ზრდის პარალელურად რეგულარული ფრენების დაწყებასაც განიხილავს.

„ავიაპარკის ზრდის შემდეგ განვიხილავთ, როგორც ჩარტერული ფრენების პროგრამის ზრდას ასევე რეგულარული რეისების დაწყებასაც. ამ ეტაპისთვის ბიზნესგეგმას ვამუშავებთ, პროექტების დამუშავების პროცესში ვართ და ამიტომ ზუსტად ჩამოყალიბებულები არ ვართ. აქედან გამომდინარე, რომ ფრენების ძალიან ბევრი შესაძლო ვარიანტი გვაქვს, კომერციული პირობების გათვალისწინებით საუკეთესო ვარიანტებს ვარჩევთ“,- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელის თქმით, კომპანია ძირითადად აზიასა და ევროპას შორის სატვირთო რეისების შესრულებითაა დაკავებული, რომელსაც თბილისში ტრანზიტით ახორციელებს. მეზვრიშვილის განმარტებით, Georgian Airlines-ში ამ დროისათვის ძირითადად საშუალო და გრძელვადიანი კონტრაქტების შერჩევა მიმდინარეობს